სხვა

12:05 | 7.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო

განახლებული წონითი კატეგორიებისა და სარეკორდო ფორმატის ევროპული ათვლა ბათუმის ევროპის ჩემპიონატიდან დაიწყო, სადაც მედლების პირველი კომპლექტის გათამაშებამდე გახსნის ცერემონია შედგა.

ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი და ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ანტონიო ურსო.

„საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა დიდი პატივია. სასიამოვნოა, რომ მოვიპოვეთ საერთაშორისო სპორტული სამყაროს ნდობა. მივესალმები ჩვენს სტუმრებს. იმედია ქართული სტუმარმასპინძლობა მათზე დიდ შთაბეჭდილებას დატოვებს და კვლავაც ეწვევიან საქართველოს. მინდა ყველას წარმატებები გისურვოთ," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

კახი კახიაშვილმა ძალოსნობის ევროპის ფედერაციას ჩემპიონატის ბათუმში ჩატარების უფლების მონიჭებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო იმკვიდრებს სპორტული ქვეყნის სტატუსს.

გარდა ამისა, კახი კახიაშვილმა ანტონიო ურსოს ორგანიზაციის 50 წლის იუბილესთვის საგანგებოდ დამზადებული ჯილდო გადასცა.

გახსნის ცერემონიას დაესწრო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი. აღსანიშნავია, რომ ბათუმის ევროპის ჩემპიონატზე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სარეიტინგო ქულებიც თამაშდება.

ევროპის წლევანდელ ჩემპიონატში 44 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის - 13 ქართველი ძალოსანი (10 კაცი, 3 ქალი). ბუნებრივია, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მძიმე წონის ათლეტთა შეჯიბრება, რომელიც ჩემპიონატის დასკვნით დღეს, 13 აპრილს ჩატარდება და 2 ქართველი ძალოსანი გამოვა: ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების არაერთი მედლის მფლობელი ირაკლი თურმანიძე.

www.geonoc.org.ge

0.143538