იაპონური ფეხბურთის ლეგენდა კაზუ მიურა ფეხბურთის თამაშის სიცოცხლის ბოლომდე აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ აზიელი არც მეტი, არც ნაკლები 52 წლისაა, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას არ გეგმავს.
როგორც იაპონელი თავდამსხმელი ამბობს, უნდა, რომ მოკვდეს, როგორც მოქმედი და არა, როგორც ყოფილი ფეხბურთელი.
„როდესაც მოვკვდები, მინდა თქვან, რომ ფეხბურთელი კაზუ მიურა გარდაიცვალა და არა ყოფილი ფეხბურთელი. სხეული მომცემს კარიერის დასრულების ნიშანს, თუ დავიღლები, ეს ნიშანი იქნება, როდესაც ვარჯიში აღარ შემეძლება, მომენტიც მაშინ დადგება. დღეს არ წარმომიდგენია კარიერის დასრულება 50 ათასი მაყურებლის წინაშე. მწვრთნელობა არ მაინტერესებს, არც პრეზიდენტობა ან სატელევიზიო ექსპერტობა. ჩემი ერთადერთი სურვილია ვიყო ფეხბურთელი მანამ, სანამ არ მოვკვდები, თუ ეს შესაძლებელი იქნება“, - ციტირებს მიურას სიტყვებს L’Equipe.
კაზუ მიურას კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში უთამაშია. მათ შორის, ევროპაში ზაგრებისა „დინამოსა“ და იტალიურ „ჯენოაში. ასევე, ირჯებოდა ბრაზილიაშია, სადაც „სანტოსის, „კურიტიბასა“ და „პალმეირასში“ ასპარეზობდა, ხოლო სამშობლოში „კავაზაკის“, „ვისელ კობესა“ და „იოკოჰამას“ ღირსება დაუცავს. ცოტა ხანი ავსტრალიაში, „სიდნეის“ წევრიც იყო.
იაპონიის ეროვნულ ნაკრებში ლეგენდარულ ფეხბურთელს 1990-2000 წლებში 89 მატჩი ჩაუტარებია და მეტოქეთა კარში 55 გოლიც გაიტანა.