გაირკვა საქართველოს თასის გათამაშების კიდევ ერთი ნახევარფინალისტი. ლექსო ლაფანაშვილისა და დავით არწივიძის გაწვრთნილმა “დელტამ” “ბათუმს” 92:65 სძლია და მეოთხედფინალური სერია 2:1 მოიგო. “დელტას” მეტოქე ნახევარფინალში იქნება “თსუ-ჰიუნდაისა” და “მგზავრებს” შორის გამარჯვებული. ამ გუნდების სერიაში 1:0 იგებენ თსუ-ჰიუნდაელები და 2 აპრილს სერიის მეორე შეხვედრაა დანიშნული.
რაც შეეხება “დელტასა” და “ბათუმის” მატჩს, საბოლოო ანგარიშიდან ჩანს, რომ თბილისურმა გუნდმა იოლად იმარჯვა. ასეც იყო: მეტნაკლებად თანაბარი მხოლოდ პირველი პერიოდი იყო, რომელიც “დელტამ” 22:18 მოიგო, შემდეგ კი ინიციატივას სრულად დაეპატრონა და შეხვედრა ისე ჩაამთავრა, პრობლემა არ შექმნია. მეორე მეოთხედი ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი სასარგებლოდ – 25:16 დასრულდა და დიდი შესვენებისთვის “დელტას” ლიდერობამ 13 ქულა შეადგინა. თითქმის ანალოგიური სცენარით წარიმართა მეორე ნახევარიც და საბოლოოდ “დელტას” 27-ქულიანი გამარჯვებაც დაფიქსირდა.
თბილისურ გუნდში 15 ქულით ბომბარდირი გახდა მალკოლმ დრამრაითი, მთლიანობაში კი დელტად 6-მა კალათბურთელმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს. “ბათუმში” 13 ქულით და 8 მოხსნით საუკეთესო იყო ლევან ელიაძე. თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიის 2 შეხვედრა ხვალ, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. “მგზავრები” – “თსუ-ჰიუნდაი” 16:00, “ტიტები” – “ოლიმპი” 18:00
დელტა – ბათუმი
სტატისტიკა: 92:65
www.gbf.ge