გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალში ხორვატულ “ცედევიტასთან” ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, რაშიც თავისი წვლილი 19 წლის ქართველმა კალათბურთელმაც შეიტანა.
შეგახსენებთ, რომ პოდგორიცელებმა ზაგრებში 83:90 წააგეს, შინ კი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ და 87:72 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ თამაშამდე ბითაძეს ლიგის რეგულარული სეზონის საუკეთესო კალათბურთელისა და საუკეთესო ახალგაზრდისთვის კუთვნილი პრიზები გადასცეს.
გოგა მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20:13 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში) და 3 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 9-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 5 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა მხრიდან 10 და მეტი ქულა კიდევ ხუთმა კალათბურთელმა მიითვალა: ჯეკსონმა (15), კოულმა (11), გორდიჩმა (11), ნიკოლიჩმა (11) და სუად სეჰოვიჩმა (10).
ნახევარფინალის გადამწყვეტი მატჩი 7 აპრილს გახლავთ დაგეგმილი და მას ზაგრები უმასპინძლებს. ვთქვათ ისიც, რომ მე-2 ნახევარფინალში, სერბულ გრანდებს – “ცრვენა ზვეზდასა” და “პარტიზანს” შორის ასევე საყაიმო ანგარიშია. აქ მე-3 შეხვედრა 6 აპრილს გახლავთ დაგეგმილი.