ფეხბურთი

10:17 | 28.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გასკოინი ლეგენდების მატჩისთვის ემზადება

30 მარტს, „ტოტენჰემის“ ლეგენდები, კლუბის ახალ სტადიონზე, მილანის „ინტერის“ ვეტერანებს გაეჯიბრებიან.

“დეზების“ ოდინდელმა გადარეულმა ვარსკვლავმა, პოლ გასკოინმა, თავის „ტვიტერში“ დაწერა, რომ გულმოდგინედ ემზადება შეხვედრისთვის და გულშემატკივრების გახარებას აპირებს. მცირე ვიდეოც გამოქვეყნდა, სადაც „გაზა“ სოფლის პეიზაჟის ფონზე ძუნძულებს.

მისი ქომაგები გახარებულნი არიან - გასკოინი სპორტულად იქცევა. არადა, მოგეხსენებათ, ბოლო წლებში რაოდენი პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო.

გასკოინთან ერთად, ლეგენდების მატჩში იურგენ კლინსმანი, დარენ ანდერტონი, რობი კინი, რაფაელ ვან დერ ვაარტი, დიმიტარ ბერბატოვი და „დეზების“ სხვა ყოფილი ვარსკვლავებიც ითამაშებენ. “გაზა“ ჩრდილოლონდონური კლუბის ღირსებას 1988-92 წლებში იცავდა.

„ტოტენჰემმა“ ახალი, ლამის 1 მილიარდიანი სტადიონის გახსნის თარიღი დაასახელა. 3 აპრილს, „დეზები“ პრემიერლიგის მატჩში „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებენ. მანამდე კი ორ ტესტ-მატჩს მართავენ. გასულ კვირას „ტოტენჰემის“ 18 წლამდელებმა საუთჰემპტონელი თანატოლები 3:1 დაამარცხეს. მომავალ შაბათს კი ახალ მინდორზე ვეტერანები გავლენ.

0.115561