მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველი ლუკას ერნანდესი კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
შეთანხმების თანახმად, ფრანგი „ბაიერნის“ წევრი მიმდინარე წლის 1 ივლისიდან გახდება, ხოლო კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. „ატლეტიკომ“ კი ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო მიიღო.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელით კონტრაქტის გაფორმება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველთან, მსოფლიოს ჩემპიონ ლუკას ერნანდესთან. მას შეუძლია, როგორც ცენტრში, ისე მარცხენა ფლანგზე თამაში. გარდა ამისა, გვჯერა, რომ ლუკასი გააგრძელებს ტრადიციას და „ბაიერნისთვის“ მნიშვნელოვანი ფრანგი ფეხბურთელების რიცხვს შეუერთდება“, - განაცხადა მიუნხენელთა სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემს კარიერაში. „ბაიერნი“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ვამაყობ, რომ ამ გუნდთან ერთად ტიტულებისთვის ვიბრძოლებთ. მინდა, მადლობა გადავუხადო „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს, გულშემატკივრებსა და თანაგუნდელებს. იქ 12 დაუვიწყარი წელი გავატარე“, - თქვა ლუკასმა.
ლუკას ერნანდესი „ატლეტიკოს“ აკადემიაში 2007 წელს მოხვდა და მთავარ გუნდში დებიუტი 2014-2015 წლების სეზონში ჰქონდა.