კალათბურთი

19:05 | 25.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

დღეს, ბითაძის “ბუდუჩნოსტი” ნახევარფინალურ სერიას გახსნის

გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტი” ზაგრებში იმყოფება და დღეიდან ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალურ სერიაში ჩაებმება.

პოდგორიცელთა მეტოქე სერიოზულია – ხორვატული “ცედევიტა”, რომელმაც რეგულარული სეზონი მონტენეგროელთა დარად 16 მოგებითა და 6 მარცხით დაასრულა, თუმცა, ლიგის მოქმედ ჩემპიონს ურთიერთშეხვედრებში აჯობა და ნახევარფინალში მოედნის უპირატესობას ფლობს.

დღევანდელი მატჩი ლეგენდარული დრაჟენ პეტროვიჩის სახელობის დარბაზში თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება, განმეორებითი თამაში პოდგორიცაში 31 მარტსაა დანიშნული, საჭიროების შემთხვევაში კი, გადამწყვეტ შერკინებას ისევ ზაგრები უმასპინძლებს 7 აპრილს.
საინტერესოა, რომ დღეს მოედანზე 2 კალათბურთელი გავა, ვინც ადრიატიკის ლიგის რეგულარული სეზონის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

ერთ-ერთი მათგანი ბითაძეა, ვინც შეჯიბრის უძვირფასეს მოთამაშედაც (MVP) აღიარეს, “ცედევიტას” მხრიდან კი ხსენებული პატივი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ კალათბურთელ ჯეიკობ პულენს ერგო.
ცნობისთვის, სასტარტო შეხვედრა უკვე შედგა მე-2 ნახევარფინალში, რომელშიც ერთმანეთს სერბული გრანდები “ცრვენა ზვეზდა” და “პარტიზანი” უპირისპირდებიან. ბელგრადული ჯახი დრამატული გამოდგა და ფავორიტად შერაცხულმა “ცრვენა ზვეზდამ” საშინაო თამაში ოვერტაიმში 106:101 მოიგო.

0.12839