ესპანური “ბალონკესტო სევილიას” და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრ ბექა ბურჯანაძეს (სიმაღლე 201 სმ.) გზები გაიყარა.
ქართველ კალათბურთელს ანდალუზიურ კლუბში 2015 წლის ივნისამდე უნდა ეთამაშა, თუმცა, მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.
სევილიელებმა ეს ცნობა საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნეს და ისიც დასძინეს, რომ ბურჯანაძეს სამომავლოდ წარმატებულ კარიერას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ქართველ ფორვარდს ესპანურ კლუბში დიდი დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა და ბოლო პერიოდში, ეროვნულ ნაკრებში უფრო ხშირად ენდობოდნენ, ვიდრე – ესპანეთის ჩემპიონატში. ამდენად, ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელიც იყო.
გასულ სეზონში ბექამ სევილიელთა მაისური 31 მატჩში მოირგო, საერთოდ კი ესპანურ გუნდში 2011 წლიდან ირიცხებოდა.