სხვა

14:10 | 21.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის ზედიზედ მესამე მარცხი

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირზე მიჯრით მე-3 მარცხი განიცადა და გადამწყვეტი შერკინებების წინ მდგომარეობა ძალიან გაირთულა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ჰარუ ბაშოს კადობანში შეხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოძეკის პრესტიჟული წოდების შესანარჩუნებლად უცილობლად დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირება სჭირდება.
დღეს, ქართველი სეკიტორი ტურნირის ერთპიროვნულ ლიდერ ჰაკუჰოს შეხვდა და მართალია, მაგრად დაუდგა, საერთო ჯამში, მოსალოდნელი მარცხი განიცადა.
ლევანს მონღოლ იოკოძუნასთან გასული 27-დან მხოლოდ 1 ორთაბრძოლა ჰქონდა მოგებული და სტატისტიკა კიდევ უფრო გაიუარესა. “თეთრმა ფენიქსმა” ტოჩინოშინი იორიკირით დაამარცხა, რის შემდეგაც ჩვენებური თანაბარ ბალანსზე (6 მოგება, 6 მარცხი) გავიდა.
გორგაძეს ჰარუ ბაშოზე 3 ორთაბრძოლა დარჩა ჩასატარებელი და იოლი გამოსათვლელია, რომ მიზნის მისაღწევად მინიმუმ ორის მოგება სჭირდება. ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის პირველი იოკოძუნა კაკურიუ იქნება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც ქართველი 3:22 მარცხდება, ამდენად, წინ მორიგი ურთულესი შერკინება ელის.
კაჩი-კოშის ძალიან მიუახლოვდა თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ, რომელიც რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში აღმოსავლეთის მე-4 ნომრის წოდებით ირჯება. ქართველმა გოლიათმა აღმოსავლეთის მე-4 რეიტინგოსანი ტაკაგენჯი ოშიდაშით დაამარცხა და 5 წაგების წილ 7 გამარჯვება მოაგროვა.
გაგამარუს წოდებაში დაწინაურებისთვის დარჩენილი 3 ორთაბრძოლიდანც ერთის მოგებაც ეყოფა, მომდევნო შერკინება კი ხვალ, აღმოსავლეთის მე-11 ნომერ ტობიძარუსთან ელის, ვისთანაც სამივე გასული შეხვედრა წაგებული აქვს.

0.116853