ინდიან უელსის მასტერსის ნახევარფინალურ შეხვედრაში როჯერ ფედერერი რაფაელ ნადალს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ესპანელი ტურნირიდან მოეხსნა.
რაფას მარცხენა მუხლის ტრავმა აწუხებს და კორტზე გამოსვლა საჭიროდ არ ჩათვალა. ნადალს ეს დაზიანება ¼-ფინალში ხაჩანოვთან 7:6, 7:6 მოგებულ შეხვედრაშიც აწუხებდა.
"ფინალში გასვლა სასიხარულოა, მაგრამ ასე არა, ნადალთან თამაშისთვის მზად ვიყავი.სამწუხაროა, რომ ეს შეხვედრა არ შედგა"- განაცხადა ფედერერმა.
მეორე ნახევარფინალურ მატჩში დომინიკ ტიმმა მილოშ რაონიჩი 7:6, 6:7, 6:4 დაამარცხა. ფინალში ფედერერი დომინიკ ტიმს დაუპირისპირდება. მატჩი 18 მარტს თბილისის დროით 02:00 საათზეა ჩანიშნული. ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 2:2-ია.