„რომას“ მთავარი მწვრთნელის ცვლილებაც არ შველის. კლაუდიო რანიერის წინა ტურში დაბრუნება წარმატებული გამოუვიდა, მაგრამ „ჯალოროსიმ“ ამჯერად ფერარაში „სპალთან“ ვერაფერი გააწყო და დამარცხდა.
„რომა“ საკუთარ თავს აღარ ჰგავს. ნამატჩევს რანიერი გაბრაზებულიც იყო (ლოგიკურად) და საჯაროდ თქვა, რომ თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, ზაფხულში ბევრ ფეხბურთელს რომის დატოვება მოუწევთ. ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა კი „მგლებისთვის“ ტურიდან ტურამდე სათუო ხდება. დიეგო პეროტის ერთი ზუტი პენალტი დიდი ვერაფერი მონაგარია გადარჩენისთვის მებრძოლ „სპალთან“ და თანაც იმის ფონზე, რომ საკუთარ კარში ორი გოლი მიიღეს. „სპარმა“ კი ამ გამარჯვებით ამოისუნთქა და გასავარდნ ზონას საიმედოდ დასცილდა.
სანამ „რომა“ წვალობს, იქამდე ფაბიო კვალიარელა მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. ვეტერანმა ფორვარდმა, რომელიც ორი დღის წინ იტალიის ნაკრებში გამოიძახეს, ამჯერად „სასუოლოს“ გაუტანა. ისე, სახალისო შეხვედრა გამოდგა და „სამპდორიამ“ მეტოქე მისსავე მოედანზე 5:3 დაამარცხა. ამასობაში კვალიარელა 21 გოლით ლიდერობს ბომბარდირთა დავას. სხვათა შორის, მან კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა ამ მატჩის შემდეგ: 21 გოლი და 7 საგოლე პასი აქამდე ერთ სეზონში არუჩვენებია და ახლა მოახერხა. თანაც, წინ კიდევ 10 ტურია და რეკორდის გაუმჯობესების შანსი არაერთხელ ექნება.
სინიშნა მიხაილოვიჩის მოსვლის შემდეგ „ბოლონია“ გარდაიქმნა. „როსობლუ“ ქულებს ქულებზე აგროვებს და ამჯერად, ბოლო დროს დიდებულ ფორმაში მყოფი „ტორინო“ დაამარცხა. „ხარები“ უაკანასკნელ ხანს წაგებას ვინ ჩივის, გოლსაც არ უშვებდნენ, მაგრამ „ბოლონიამ“ ხუთჯერ გაუტანა. ოღონდ ეგაა, 2 არ ჩაუთვალეს. თუმცა ეგ არაფერი, სამიც საკმარისი გამოდგა სტუმართა გამარჯვებისთვის. ამასობაში, „ბოლონიამ“ გასავარდნი ზონა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, როგორც იქნა დატოვა. „ტორინო“ კი ევროპა ლიგიაზე გასვლის კარგ შანსს ისევ ინარჩუნებს, მაგრამ ხასიათი ნამდვილად გაიფუჭა.
„სასუოლო“ – „სამპდორია“ 3:5 (1:3)
გოლები: 0:1 დეფრელი (15), 0:2 კვალიარელა (36),1:2 ბოგა (38), 1:3 ლინეტი (39), 1:4 პრატი (46), 2:4 დანკანი (63), 2:5 გაბიადინი (72), 3:5 ბაბაკარი (90)
„სპალი“ – „რომა“ 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 ფარესი (22), 1:1 პეროტი (53, პენ), 2:1 პეტანია (60, პენ)
„ტორინო“ – „ბოლონია“ 2:3 (1:2)
გოლები: 1:0 პულგარი (6, ა.გ), 1:1 პოლი (29), 1:2 პულგარი (34, პენ), 1:3 ორსოლინი (65), 2:3 იცო (89)