შაბათ საღამოს, სუონსის „ლიბერთის“ სტადიონზე, საფეხბურთო საზოგადოება კინაღამ ხმამაღალი სენსაციის მომსწრე გახდა. ქვეყნის ასოციაციის თასის მეოთხედფინალურ მატჩში, - 69-ე წუთამდე, უელსური „სუონსი“ მრისხანე „მანჩესტერ სიტის“ 2:0 უგებდა...
„ქალაქელებს“ თამაში არ გამოსდიოდათ და ანერვიულდნენ კიდეც, მაგრამ ყველაფერი სერხიო აგუეროს მინდორზე გასვლამ შეცვალა. არგენტინელის მეცადინეობით, „სიტიმ“ ბოლოსდაბოლოს, იპოვნა თავისი შეტევის რითმი და სამჯერ დაამწუხრა მასპინძელთა მეკარე, კრისტოფერ ნორდფელდტი.
ჯერ ბერნარდო სილვამ გაიტანა ერთი საპასუხო. მერე კურიოზული გოლი გავიდა. სტუმრებმა თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლება მიიღეს. აგუეროს დარტყმული ბურთი ჯერ ძელს, შემდეგ კი მეკარეს მოხვდა ზურგში და კარში შევარდა. უცნაური ავტოგოლი გამოვიდა. დამთავრებამდე ერთი წუთით ადრე, კი აგუერომ ისეთი ლამაზი თავური გაიტანა ვარდნაში, რომ მსაჯებს თამაშგარეს დაფიქსირებაც დაავიწყდათ.
თუმცა, ესეც რომ არ ყოფილიყო, ბოლოსკენ „ქალაქელები“ იმხელა უპირატესობას ფლობდნენ, რომ ნებისმიერ ეპიზოდში შეეძლოთ გატანა. ნახევარფინალის საგზურს მიღმა ნამდვილად არ დარჩებოდნენ.
სუონსი - მანჩესტერ სიტი 2:3
1:0 გრაიმსი (20, პენ), 2:0 ცელინა (29), 2:1 ბერნარდუ სილვა (69), 2:2 ნორდფელდტი (78, საკ. კარში), 2:3 აგუერო (89)