ქართველმა ძიუდოისტებმა, რომლებიც რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის გრანდ სლემზე საასპარეზოდ ემზადებიან, მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს.
60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი პირველ წრეში ტაჯიკ დალერ ქურბონჯონოვს დაუპირისპირდება, თემურ ნოზაძე კი ძალებს ყირგიზ დოოლოტბეკ ტაალაიბეკ უულუსთან მოსინჯავს.
66 კგ-ში ბაგრატ ნინიაშვილი ტაჯიკ დავლატალი ნაზარალიევს შეხვდება. ამავე წონაში წინასწარ განაცხადში ვაჟა მარგველაშვილიც იყო, თუმცა, ის ტატამზე ტრავმის გამო ვერ გავა.
ლაშა შავდათუაშვილი 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველ ნომრადაა განთესილი და საწყის წრეში რუს ევგენი პროკოპჩუკს შეერკინება, ვალერი იაშვილი კი კიდევ ერთ მასპინძელ გეორგი ელბაკიევს გაეჯიბრება.
81 კგ-მდე წონით კატეგორიაში მძიმე წილისყრა შეხვდა ტატო გრიგალაშვილს, რომელიც ბრძოლაში პირდაპირ მე-2 რაუნდიდან ჩაებმება, თუმცა, იქ მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონი და გასული ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი – იაპონელი ტაკანორი ნაგასე ელის. ამავე წონაში ლუკა მაისურაძე შეჯიბრში მოლდოველ კატალინ მარიანთან ჭიდილით ჩაებმება.
90 კგ-ში, წლეულს, საერთაშორისო ასპარეზზე პირველად ვიხილავთ ბექა ღვინიაშვილს. მისი მოწინააღმდეგე რუსი ჯაფარ კოსტოევი იქნება. უშანგი მარგიანი მე-2 წრეშია დაშვებული და რუს იზმაილ ხამხოევსა და უზბეკ შახზოდბეკ საბიროვს შორის უმჯობესს ელის.
2 წარმომადგენელი გვყავს 100 კგ-მდე წონით კატეგორიაშიც: ონისე სანებლიძე ბულგარელ დანიელ დიჩევს შეერკინება, ხოლო გიორგი ბერიაშვილის მოწინააღმდეგე ლიტველი კაროლის ბაუზა გახლავთ.
დასასრულ, მძიმე წონაზეც (+100 კგ.) ვთქვათ, სადაც საქართველოს ღირსებას გელა ზაალიშვილი დაიცავს. ახალგაზრდა ძიუდოისტი პირველივე რაუნდში იაპონელ ჰიოგა ოტას დაუპირისპირდება.
15 მარტს, ვაჟთა ტურნირში მედლები 60 და 66 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება, 16-ში – 73-სა და 81-ში, ხოლო 17 მარტს – 90, 100 და +100 კგ-ში. სამივე დღეს წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 10:30 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი – 16:00 საათზე.