ფეხბურთი

21:17 | 14.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარკის წინ
საქართველოს ნაკრები 2019 წლის პირველი მატჩებისთვის მზადებას იწყებს

ამასობაში სანაკრებო ბატალიების მოგვიახლოვდა. ათ დღეზე ცოტაც და, საქართველოს ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრას თბილისში, შვეიცარიის ნაკრებთან ჩაატარებს. მერე, სამი დღის თავზე დუბლინში, ირლანდიას ესტუმრება.

ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ კარგი ტესტებია. მართალია, ოფიციალური მატჩებია და თან ძალზე მნიშვნელოვანი, მაგრამ შეგვიძლია გამოცდის მნიშვნელობა მივცეთ - რეალურ სახეს დაგვანახებს სად და როგორ იმყოფება საქართველოს ნაკრები ამჟამად. მარტივად რომ ვთქვათ, სარკეში უნდა ჩავიხედოთ და ვიმედოვნებთ, კარგ სურათს დავინახავთ.

ვლადიმირ ვაისმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებსაც დამდეგ ორ შეხვედრაში დაეყრდნობა. როგორც ფორმაში ხვდებიან ფეხბურთელი მოახლებულ მატჩებს? ბუნებრივია ეს კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გინდა, არ გინდა, ნაკრების თამაში (და არამარტო) პირდაპირაა დამოკიდებული ფეხბურთელთა სათანადო ფორმაზე.

ერთა ლიგის მთელი ჯგუფური ეტაპი ისე მიილია, რომ საქართველოს ნაკრების კარს უგუნდოდ მყოფი და შესაბამისად, უთამაშებელი გიორგი ლორია იცავდა. ახლა, ამ კუთხით ვითარება რადიკალურად და რაც მთავარია დადებითად შეიცვალა. ლორია იანვრიდან გერმანიის II ბუნდესლიგის ბინადარ „მაგდებურგში“ უწყვეტად თამაშობს და თანაც, დამაჯერებლად. გიორგი მაკარიძის თავსაც იგივე ხდებოდა. უგუნდო არ ეთქმოდა, მაგრამ დიდი ხანი ტრავმა აწუხებდა და პრაქტიკულად ბოლო წელიწადნახევარი გაუცდა. გიორგიმ ზამთარში სეტუბალის „ვიტორიას“ მაისური მოირგო და ბოლო დროს პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს - ერთმნიშვნელოვნად კარგი ამბავია. მესამე მეკარე ვაისის სიაში ისევ როინ კვასხვაძეა, რომელიც ერთადერთი ფეხბურთელია საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან.

დაცვის ხაზში ერთადერთი ახალი სახეა - ლევან ხარაბაძე. 19 წლის ჩვენებური ადრეც ჰყავდა ვაისს შეკრებაზე მიწვეული, მაგრამ მისი გამოჩენა სიახლეებს უნდა მივაკუთვნოთ. ხარაბაძე შვეიცარიულ „ციურიხში“ მუდმივად თამაშობს და მისი გამოჩენა ეროვნულ გუნდში მოსალოდნელიც იყო. ერთ-ერთია დაცვის ხაზში ვინც იდეალურ ფორმაშია. იგივე ითქმის ლაშა დვალზე, რომელიც უნგრულ „ფერენცვაროშში“ არ უჩივის სათამაშო პრაქტიკას და კარგი პრესაც აქვს და დავით ხოჭოლავაზე, რომელიც იაროსლავ რაკიცკის გუნდიდან წასვლის შემდეგ პაულო ფონსეკას „შახტარის“ დაცვის ცენტრში შეუცვლელი ფიგურაა. რუსეთის პრემიელრიგა ახლახან განახლდა და სოლომონ კვირველიამ ორი თამაშის შეუცვლელად ჩატარება მოასწრო. შესაძლოა იდეალურ ფორმაში არაა, მაგრამ შვეიცარიასთან მატჩამდე კიდევ მოუწევს კლუბში თამაში და ამ კუთხითაც სანერვიულო არაფერია. ჯიმი ტაბიძე „უფას“ სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო ახალ წლამდე, მაგრამ ბოლო ორი თამაში სათადარიგო სკამზე გაატარა. რაც შეეხება ნაკრების ვიცე-კაპიტან გურამ კაშიას, MLS-ი ეს-ესაა დაიწყო და ფორმაში შესვლისთვის დრო მასაც აქვს. დაცვის ხაზში მთავარი საფიქრალი მაინც მარჯვენა ფლანგია. ვაისმა ამ პოზიციის ერთადერთი ფეხბურთელი, ოთარ კაკაბაძე გამოიძახა. ოთარი ჩვენი ნაკრებისთვის შეუცვლელი ფიგურაა და შვეიცარიული „ლუცერნისთვისაც“, მაგრამ კარგა ხანია ტრავმა ტანჯავს და ამიტომ არ უთამაშია. ამდენად, საკითხავია, როგორ ფიზიკურ კონდიციებში იქნება, ბოლოს ოფიციალური მატჩში ხომ ნოემბერში ითამაშა...

ნახევარდაცვაში ისეთი კარგი ვითარება არ გვაქვს, როგორც მეკარისა და დაცვის პოზიციებზე. ყაზახეთის ჩემპიონატში ჯერ მხოლოდ ერთი ტურია ჩატარებული, ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა ითამაშეს, მაგრამ იდეალური ფორმისგან შორს რომ არიან, ცხადია. იგივე ითქმის ვაკო ყაზაიშვილზე, რადგან როგორც უკვე ვთქვით, MLS-მა სტარტი ახალხან აიღო. თორნიკე ოქრიაშვილი საერთოდ უგუნდოდაა თვეებია და ძნელია მის სათამაშო კონდიციებზე საუბარი. ჯაბა ჯიღაური კი, ფრანგულ „გრენობლში“ იშვიათად გამოდის მოედანზე. სათამაშო პრაქტიკა არ აკლიათ ლაშა პარუნაშვილს, რომელიც ვაისის ფორმაციის ნაკრებში ნამდვილად ახალი სახეა, საბა ლობჟანიძეს, ოთარ კიტეიშვილს, ვახტანგ ჭანტურიშვილსა და გიორგი მერებაშვილს. ამ უკანასკნელს საერთოდაც ტრავმა აწუხებდა და იდეალურ სათამაშო ფორმაში წესით არ უნდა იყოს.

აი, ვაკო გვილია კი, პოლონური „გორნიკის“ ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ყალიბდება და მისი ფორმაში ყოფნა ნამდვილადაა დადებითი სიგნალი. და, რა თქმა უნდა, ჯანო ანანიძე, რომელიც „კრილია სოვეტოვში“ მუდმივად თამაშობს და წელი გოლითაც გახსნა. ერთა ლიგა საქართველოს ნაკრებმა ჯანოს გარეშე ჩაატარა და ის მართლაც ფუნდამენტური ფიგურაა „ჯვაროსნებისთვის“. თანაც, ვიცით, რომ ვაისი მასზე ძალზე დიდ იმედს ამყარებს.

თავდასხმაში ერთი დებიუტანტია - ვატო არველაძე. პოლონურ „კორონაში“ ბოლო დროს ჩინებულ ფორმაშია და ახლახან დუბლიც გაიფორმა. კარგია, ვატოს პროგრესი თვალსაჩინოა. გამოჯანმრთელდა გიორგი ქვილითაია, გოლიც გაიტანა, მაგრამ „გენტში“ სათამაშო პრაქტიკა მაინც არ აქვს. ნიკა კაჭარავა კი, „ანორთოსისში“ თამაშობს, მაგრამ იდეალური სეზონი არც მას აქვს. და მაინც, ახლა გაცილებით კარგ დროებას განიცდის, ვიდრე შემოდგომაზე და ვნახოთ.

ეს ძირითადი ბირთვია, 25 ფეხბურთელი. გარდა ამისა, ვაისმა გაფართოებულ სიაში 9 ფეხბურთელი შეიყვანა, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში დაამატებს ძირითად ნუსხას. იქ არიან გიორგი ხარაიშვილი, ლუკა ზარანდია (რომელიც ალბათ მოულონდელად არაა მთავარ სიაში), ბუდუ ზივზივაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ლაზარე კუპატაძე, ლევან გეგეჭკორი, გიორგი აბურჯანია და ბექა მიქელთაძე. თუმცა, ყველაზე დიდი მოულოდნელობა გიორგი ნავალოვსკის ყოფნაა. მას ცალსახად სხვაგან ველოდით. გიორგი წლებია მარცხენა ფლანგზე შეუცვლელი იყო და კი, მართალია ლევან ხარაბაძემ შესამჩნევი პროგრესი განიცადა, მაგრამ სანაკრებო სიის მიღმა დარჩენა, მაინც მოულოდნელობა იყო. ისიც არის, რომ ბოლო დროს ნავალოვსკი უთამაშებელი გახლდათ, მაგრამ რამდენი ფეხბურთელია სათამაშო პრაქტიკის გარეშე 25-კაციან სიაში, ზემოთ ვისაუბრეთ. რას უნდა მივაწეროთ? ნუთუ იმას, რომ ნავალოვსკი ლეგიონერი აღარაა და საქართველოში დაბრუნდა?! თუ ასეა, ეს არ უნდა იყოს მაინც და მაინც, კარგი ამბავი. ალბათ, მოვა დრო სლოვაკი განმარტავს თავის გადაწყვეტილებას.

ისე კი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან ერთადერთი ფეხბურთელია ძირითად ნუსხაში (როინ კვასხვაძე), ხოლო გაფართოებულ შემადგენლობაში - სამი (ლევან გეგეჭკორი, გიორგი ნავალოვსკი, ბუდუ ზივზივაძე).

რატომ არ სწყალობს ვაისი საქართველოს ჩემპიონატს? - მოდით, ვაღიაროთ, რაც უნდა მტკივნეული იყოს, სლოვაკს ამ კუთხით დიდად ვერ გავუწყრებით. საქართველოს ჩემპიონატის დონე ძალიანაა დაშორებული საერთაშორისო მოთხოვნებს და ამას წლებია ევროტურნირებზე ქართული გუნდების გამოსვლა ცხადყოფს. და, თუ იქ ქართველ ფეხბურთელებს უჭირთ შედეგის ჩვენება, მაშინ ეროვნულ ნაკრებს რა უნდა მოვთხოვოთ ამ მოთამაშეებით საერთაშორისო დონეზე? დიდი ვერც ვერაფერი... რა თქმა უნდა, არიან ცალკეული ფეხბურთელები, რომლებზეც დავა შეიძლება, მაგრამ ერთიანობაში ასეა. ევროტურებზე ჩვენი გუნდებისა და ფეხბურთელების გარჯა პირდაპირი ინდიკატორია იმისა, აკმაყოფილებენ თუ არა, ეროვნული ნაკრების დონეს. იმედია, სამომავლოდ, ოდნავ მაინც გამოსწორდება სიტუაცია, მაგრამ დღეს ასეთი რეალობა გვაქვს.

ბოლოსკენ იმით დავასრულოთ, რითაც დავიწყეთ. მომდევნო ორი მატჩი დიდი გამოცდა იქნება. ტესტი იმისა, თუ სად იმყოფება რეალურად საქართველოს ნაკრები და რა შეგვიძლია. თანაც, მოახლოებულ ორ შეხვედრაში „ჯვაროსნებს“ გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარებათ, რომელიც ტრავმირებულია. არადა, არ სჭირდება შეხსენება იმას, ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რამხელა როლი ითამაშა ჩაკვეტაძემ საქართველოს ნაკრების წარმატებულ გამოსვლაში. გიორგის დანაკლისის ფონზე, კიდევ უფრო საინტერესოა ჯანო ანანიძის დაბრუნება. სწორედ მასზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული და მან უნდა იტვირთოს ლიდერის ტვირთი.

შესარჩევი ციკლი კი 23 მარტს, 18:00 საათზე „დინამო არენაზე“ შვეიცარიასთან მატჩით დაიწყება. რთული იქნება, ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდი ჩვენს ჯგუფში ყველაზე ძლიერია (ფურცელზე ყოველშეთხვევაში ასეა). ფიფას რეიტინგშიც ათეულშია მყარად და სტაბილურად. არაერთო ტოპ კლასის ფეხბურთელი ჰყავს და უკვე წლებია სტაბილურად თამაშობს საერთაშორისო არენაზე.

აი, გაცილებით მეტი უნდა მოვითხოვოთ ალბათ 26 მარტის მატჩისგან, დუბლინში, ირალნდიასთან. სხვა თუ არაფერი, კელტები საუკეთესო დროებას არ განიცდიან და თანაც, პირად შეხვედრებში უთვალავი წარუმატებლობის ფონზე, ნავსის გატეხვის დიდი სურვილი გვიპყრობს...

0.116303