კალათბურთი

22:15 | 13.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

“თსუ-ჰიუნდაიმ” “მგზავრები” დაამარცხა და თასის მეოთხედფინალურ სერიაში დაწინაურდა

საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერია დაიწყო “თსუ-ჰიუნდაისა” და “მგზავრების” წყვილშიც. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართული მატჩი თსუ-ჰიუნდაელთა დამაჯერებელი გამარჯვებით – 94:77 დასრულდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა სუპერლიგის ერთ-ერთ ლიდერს ზედმეტი გართულების გარეშე მოუგო და მეოთხედფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდა.

შეგახსენებთ, რომ თასის გათამაშებაში ფინალის გარდა, საპლეიოფო სერიები 2 მოგებამდეა. შესაბამისად, “თსუ-ჰიუნდაის” ნახევარფინალში გასასვლელად კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვება სჭირდება, ხოლო “მგზავრების” საქმე შედარებით რთულადაა: ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ გუნდს სერიის მოსაგებად ზედიზედ 2 მოგება სჭირება.

მატჩის პირველი ნახევარი, უფრო კი საწყისი პერიოდი დაძაბული და თანაბარი გამოდგა. “თსუ-ჰიუნდაი” უფრო სწრაფ გარღვევებზე აკეთებდა აქცენტს, “მგზავრების” მოთამაშები კი, მეტოქეს სისწრაფეში რომ ვერ აყვნენ, შორ სროლებზე გადავიდნენ, მაგრამ აქაც ხელი მოეცარათ. ქულით მოგებული პირველი პერიოდის შემდეგ “თსუ-ჰიუნდაიმ” ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა და დიდი შესვენებისთვის მარაგში 11 ქულა დაიგულა – 47:36.

მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადწყდა, რომელიც ჩერქეზიშვილის გუნდმა 29:13 მოიგო და 17 ქულით დაწინაურებული, დარჩენილ 10-წუთეულში მეტოქესთვის მიუწვდომელი გახდა. როცა ანგარიშში სხვაობამ 25 ქულას მიაღწია, მოედანზე გუნდების ახალგაზრდა მოთამაშეები გამოჩდნენ და მატჩიც ჩამთავრდა.

გამარჯვებულ თსუ-ჰიუნდაელებს 17-17 ქულით ვიკტორ ნიკერსონმა, ჯეიმს მილიკენმა და რატკო პეტრიჩმა ულიდერეს. 16 ქულა ჰქონდა მარკუს პოზლის, ხოლო 10 ქულა ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე დაგროვდა. “მგზავრებში” 16 ქულით კახა ჯინჭარაძე გამოირჩა. 17 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი ადრიან ბოუის ანგარიშზე დაგროვდა.

ამ გუნდებს შორის თასის მეოთხედფინალური სერიის მე-2 მატჩი 2 აპრილს გაიმართება. მანამდე კი ორივე გუნდს სუპერლიგის მატჩები ელის.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (თსუ-ჰიუნდაის მთავარი მწვრთნელი): “მგზავრებთან” შეხვედრას 3 ტრავმირებული მოთამაშით შევხვდით, თუმცა მაქსიმალურად მოტივირებულები ვიყავით და კარგადაც მოვემზადეთ. სიმართლე გითხრათ 100 % დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ შეხვედრას მოვიგებდით და მიხარია, რომ საბოლოოდ ასეც მოხდა. მეორეს მხრივ მოდუნების უფლება არ გვაქვს, ეს დაპირისპირება გრძელდება და მეორე შეხვედრაში კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ, რათა ნახევარფინალში გასვლა ორი მატჩის ჯამში შევძლოთ – მესამე, გადამწყვეტი შეხვედრის ჩატარება აღარ უნდა დაგვჭირდეს”.

ბუბა ბერიშვილი (მგზავრების მთავარი მწვრთნელი): “ვულოცავ თსუ-ჰიუნდაის გამარჯვებას. მატჩს ჩვენი რამდენიმე მოთამაშე ტრავმით შეხვდა, გადაწყობა და ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება გაგვიჭირდა, მაგრამ ეს ჩვენს მარცხს არ ამართლებს. ახლა მთავარია მეორე შეხვედრისთვის კარგად მოვემზადოთ და ანგარიში გავათანაბროთ. ჯერ დაკარგული არაფერია და აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ”.

თსუ-ჰიუნდაი – მგზავრები
სტატისტიკა: 94:77

www.gbf.ge

0.10571