„ლივერპულის“ ყოფილი მეკარე ლორის კარიუსი შეცდომების დაშვებას „ბეშიქთაშში“ აგრძელებს. გერმანელმა მეკარემ მორიგი შეცდომა თურქეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ქონიასფორთან“ დაუშვა.
მისდა საბედიეროდ, შინჯი კაგავამ ბოლო წუთზე გაიტანა და „არწივებმა“ მაინც მოიგეს (3:2). თუმცა, მთავარი მწვრთნელი შენოლ გიუნეში კარიუსს საჯაროდ აკრიტიკებს და ამბობს, რომ გუნდი მისი შეცდომების გამო ბევრ გოლს უშვებს.
თურქი სპეციალისტის განცხადებით, სხვა არჩევანი რომ ჰქონდეს, კარიუსი ძირითად შემადგენლობაში არ იქნებოდა.
„გოლებს მისი შეცდომებით ვუშვებთ. რაღაც არ მუშაობს, მისი მოტივაცია, ენთუზიაზმი. და, ასეა მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვიდა. გუნდის ნაწილად თავს არ გრძნობს, ეს პრობლემაა და გარკვეულწილად ჩემი ბრალიცაა. ტალანტი აქვს, მაგრამ რაღაც არ მუშაობს და ეს პრობლემაა. გულწრფელი ვიქნები: თოლღა ჩემს განკარგულებაში რომ იყოს, ის ითამაშებდა“, - განაცხადა გიუნეშმა.
შეგახსენებთ, რომ ლორის კარიუსი „ბეშიქთაშში“ გასულ ზაფხულს „ლივერპულიდან“ იჯარით გადავიდა.