ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ქამ-ბექი შედგა. „აიაქსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემდეგ ტურინის „იუვენტუსმაც“ დაატრიალა მძიმე ვითარება და მეოთხედფინალში გავიდა.
მასიმილიანო ალეგრიმ დიეგო სიმეონეს მეორე დუელი პირწმინდად მოუგო და თანაც, გაცილებით დამაჯერებელი და ლამაზი ფეხბურთით, ვიდრე არგენტინელმა სამი კვირის წინ. ტურინელებს კითხვის ნიშნები არ დაუტოვებიათ, დამსახურებულად გავიდნენ შემდეგ ეტაპზე. „იუვემ“ 3:0 მოუგო, მაგრამ მეტიც შეიძლებოდა. აი, „ატლეტიკოს“ მეტოქის კართან ხიფათი არ შეუქმნია ან არ შეაქმნევინეს.
„იუვენტუსი“ მეოთხე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ ჯორჯო კიელინის გოლი გაუქმდა. კრიშტიანუ რონალდუმ იან ობლაკზე თამაშის წესი დაარღვია. პორტუგალიელმა 27-ე წუთზე თავად გაიატანა და ამჯერად წესების სრული დაცვით. ფედერიკო ბერნარდესკის ჩაწოდებას თავი შედეგიანად შეაგება. კრიშტიანუმ 49-ე წუთზე დუბლი შეასრულა და ამჯერად მეორე სართულიდან დაჯაბმა მეტოქე. მერე იყო მოიზე კინის ძალიან მაგარი მომენტი, რომელიც კარს ოდნავ ასცდა. 86-ე წუთზე კი ბერნარდესკიმ პენალტი გამოიმუშავა და რონალდუმ ჰეთ-თრიქი შეასრულა - 3:0. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.
კრიშტიანუმ მერვე ჰეთ-თრიქი შეასრულა ჩემპიონთა ლიგაზე და მესის გაუთანაბრდა. სამაგიეროდ, არგენტინელთან უპირატესობა გაზარდა პლეი-ოფში გატანილი გოლების რაოდენობით 62 - 40-ის წინააღმდეგ). სხვათა შორის, კრიშტიანუმ „იუვეს“ არენაზე ჩემპიონთა ლიგაზე მერვე გოლი გაიტანა (4 „რეალის“ მაისურით) არტურო ვიდალს გაუტოლდა. მათზე მეტჯერ ამ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგაზე არავის გაუტანიათ.
„იუვენტუსმა“ ისტორიაში პირველად მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა, როდესაც პირველი თამაში სტუმრად 0:2 ჰქონდა წაგებული. ტურინელები ბრძოლას აგრძელებენ, ხოლო „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ფინალი მასპინძლის გარეშე ჩაივლის.
დღის მეორე შეხვედრაზე ბევრი მოსაყოლი არაფერია. ნათელი იყო, რომ „მანჩესტერ სიტი“ „შალკესთან“ მოპოვებულ უპირატესობას საკუთარ მოედანზე არ გაანიავებდა და ასეც მოხდა. „ქალაქელებმა“ გელზენკირხენელებს თავბედი აწყევლინეს და 7:0 გაანდგურეს. „სიტი“ ფავორიტია, მაგრამ პლეი-ოფის ყველაზე სუსტ გუნდთან თუნდაც ასეთი გამარჯვებით, პეპ გვარდიოლას გუნდის მთავარ ფავორიტობაზე საუბარი შესაძლოა ნაადრევიც იყოს.
„იუვენტუსი“ – „ატლეტიკო“ 3:0 (1:0) VIDEO
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
მაყურებელი: 40 884
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, სპინაცოლა (დიბალა 67); ემრე ჯანი, პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი, მანჯუკიჩი (კინი 80), რონალდუ
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; არიასი (ვიტოლო 77), გოდინი, ხიმენესი, ხუანფრანი; საულ ნიგეზი, როდრი, კოკე, ლემარი (კორეა 57); გრიზმანი, მორატა
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლები: 1:0 რონალდუ (27), 2:0 რონალდუ (48), 3:0 რონალდუ (86, პენ)
გაფრთხილება: ბერნარდესკი (64) - ხუანფრანი (73), ხიმენესი (86), ვიტოლო (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11(4) – 3 (0) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 5:0 თამაშგარე: 0:2
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)
„მანჩესტერ სიტი“ – „შალკე“ 7:0 (3:0) VIDEO
მანჩესტერი, „ეტიჰად სთედიუმი“
მაყურებელი: 51 518
„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; დანილო, უოლკერი, ლაპორტი (დელფი 72), ზინჩენკო; ბერნარდო სილვა, გუნდოგანი, დავიდ სილვა (ფოდენი 64); სტერლინგი, აგუერო (გაბრიელ ჟესუსი 64), სანე
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
„შალკე“ (4-5-1): ფარმანი; ბრუმა, სტამბული, სანე, ოჩზიპკა; მაკკენი (მენდილი 74), კონოპლიანკა, სერდარი, ბენტალები, ბურგშტალერი (ტუჩერტი 79); ემბოლო (შკრჟიბსკი 69)
მწვრთნელი: დომენიკო ტედესკო
გოლები: 1:0 აგუერო (33, პენ), 2:0 აგუერო (38), 3:0 სანე (42), 4:0 სტერლინგი (56), 5:0 ბერნარდო სილვა (71), 6:0 ფოდენი (78), 7:0 გაბრიელ ჟესუსი (84)
გაფრთხილება: დანილო (48), ზინჩენკო (69) - ბრუმა (33)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (11) – 1 (0) ბურთის ფლობა: 66%-34% კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)