კალათბურთი

22:10 | 10.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინმა 15 ქულა ჩააგდო, ბურჯანაძეს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა
“უნიკახას” ქართველ ცენტრის თვის მოთამაშისთვის კუთვნილი პრიზი გადასცეს

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 22-ე ტურში გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ბექა ბურჯანაძის “გიპუზკოა ბასკეტი” 87:69 დაამარცხა, ქართველი კალათბურთელები კი შედეგიანად გაისარჯნენ.

შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 16:07 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 7 ორქულიანი და 1 საჯრიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
შერმადინის მოედანზე ყოფნის პერიოდში მალაგელებმა მეტოქეზე 24 ქულით მეტი ჩააგდეს და ეს შეხვედრის საუკეთესო მაჩვენებელი იყო, სარგებლიანობის კოეფიციენტის (22) მიხედვით კი, ჩვენებური მხოლოდ ბრაიან რობერტსს ჩამორჩა. ამერიკელმა ლეგიონერმა 22 ქულა და 6 პასი მიითვალა.
ვთქვათ ისიც, რომ მატჩის დაწყებამდე შერმადინს თებერვლის საუკეთესო მოთამაშისთვის კუთვნილი პრიზი გადასცეს, რომელიც მან “სან პაბლო ბურგოსის” წევრ დომინიკ სუტონთან ერთად გაინაწილა. საინტერესოა, რომ გიო ლიგა ენდესას თვის კალათბურთელი უკვე მეოთხედ გახდა.
ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. ბექამ 26:39 წუთში 6-დან 4 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა და 11 ქულას 9 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა.
ქართველმა მძიმე ფორვარდმა 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა. ბურჯანაძე სარგებლიანობის კოეფიციენტით (20) სტუმართა რიგებში საუკეთესო გახლდათ.
“უნიკახა” 14 მოგებითა და 8 მარცხით მე-4 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 16 მარტს, სტუმრად, ევროლიგის მონაწილე “გრან კანარიასთან” ჩაატარებს. 22 ტურში მხოლოდ 4 გამარჯვებით ბოლო პოზიციაზე რჩება “გიპუზკოა ბასკეტი”, რომელიც ასევე 16-ში “ბრეოგანს” დაუხვდება.

0.121815