პოლონეთის ეროვნული ნაკრების და "ბაიერნის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ "შტუტგარტთან" მოგებულ (6:0) მატჩში დუბლი შეასრულა და გერმანიის ჩემპიონატში გატანილი 197 გოლით უცხოელ ფეხბურთელებს შორის ბომბარდირთა სიაში დაწინაურდა. პოლონელმა "ვერდერის" თავდამსხმელის კლაუდიო პისაროს შედეგი გააუმჯობესა.
პერუელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში სამჯერ შეძლო თავის გამოჩენა და ახლა უკვე 195 გოლით ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე იმყოფება. ამდენი გოლის გასატანად სამხრეთამერიკელს 466 მატჩი დასჭირდა, ხოლო ლევანდოვსკის - 281.
რობერტი გერმანიაში 2010 წლიდან თამაშობს. 2014 წლის ივნისამდე თავდამსხმელი "დორტმუნდის" რიგებში ირჯებოდა, მას შემდეგ კი "ბაიერნის" მაისურით ასპარეზობს. "რეკორდმაისტერთა" რიგებში პოლონელს 228 მატჩში 178 გოლი აქვს გატანილი.