კალათბურთი

19:00 | 9.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

“თსუ-ჰიუნდაიმ” აუტსაიდერ “რუსთავთან” დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა

მაღალი მიზნების მქონე “თსუ-ჰიუნდაიმ” აუტსაიდერ “რუსთავთან” დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა, ქვემოქართლურ გუნდს კი ამ წაგებით საქმე უფრო გაურთულდა. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე ბოლო ადგილზე მყოფ “რუსთავსა” და მის წინ მყოფ გუნდებს შორის სხვაობა 3 ქულამდე გაიზარდა. ეს სხვაობის გაბათილება კი დარჩენილ ტურებში ფაქტობრივად გმირობის ტოლფასია, თუმცა ქვემოქართლელების თამაშის გათვალისწინებით, მათ ამის გაკეთების რესურსი არ გააჩნიათ.

რუსთაველებმა დღევანდელი მატჩიც ისე წააგეს, წარმატების შანსი არ მისცემიათ. მართალია, საბოლოოდ დიდი სხვაობა არ დაფიქსირებულა, თუმცა თამაშის სცენარს მუდმივად “თსუ-ჰიუნდაი” კარნახობდა, რომელმაც დამსახურებული, რიგით მე-7 გამარჯვება მოიპოვა და სანამ ტური არ დასრულებულა, მე-4 ადგილზე განთავსდა.

პირველ პერიოდში მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. რუსთაველებმა საწყისი პერიოდი მხოლოდ 4 ქულით დათმეს, ხოლო მეორე ათწუთეულიდან თსუ-ჰიუნდაელთა უპირატესობა აშკარა გახდა. 20:12 მოგებული ათწუთეულის შემდეგ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი 1 ქულით დაწინაურდა, ხოლო დიდი შესვენების შემდეგ ეს ლიდერობა ზედმეტი პრობლემების გარეშე შეინარჩუნა.

შეხვედრა საბოლოოდ თსუ-ჰიუნდაელთა სასარგებლოდ – 77:65 დარულდა. საუკეთესო შედეგი სანდრო სანაძემ დააფიქსირა, რომელმაც 15 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. 13 ქულა მიითვალა მარკუს პოზლიმ, ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. რუსთავში 21 ქულითა და 12 მოხსნით მარკუს ბენქსი გამოირჩა, კენდარიუს ჰამილტონმა და აჰმედ მოავადმა კი 17-17 ქულა მოაგროვეს.

თსუ-ჰიუნდაი – რუსთავი
სტატისტიკა: 77:65

www.rugby.ge

0.115525