სხვა

15:30 | 9.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ურუშაძე მეთხუთმეტეა, კაზაკოვა-რევიამ მე-6 შედეგი დააფიქსირეს

15 წლის ქართველმა ფიგურულად მოციგურავე ალინა ურუშაძემ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა შეასრულა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

გოგონათა შეჯიბრში 46 სპორტსმენი ჩაება, რომელთაგან მიზანს ტრადიციულად 24-მა მიაღწია. ალინამ თავისი გამოსვლისთვის 52.53 ქულა (30.74 ტექნიკური ელემენტებისთვის+22.79 პროგრამული კომპონენტებისთვის) დაიმსახურა და მე-15 ადგილი დაიკავა.
გოგონები პრიზიორთა ვინაობას დღეს საღამოს გაარკვევენ და თავისუფალი პროგრამის შესასრულებლდ ყინულზე ალინაც გავა. შეჯიბრის ფავორიტებად რუსები ანა შჩერბაკოვა (72.86) და ალექსანდრა ტრუსოვა (72.49) მიიჩნევიან, რომლებიც პირველ-მეორე პოზიციებს ინაწილებენ.
პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ, მოწინავე ექვსეულში იმყოფება სპორტული ცეკვებით დაკავებული ქართული წყვილი მარია კაზაკოვასა (17 წლის) და გიორგი რევიას (19) შემადგენლობით.
ქართველმა სპორტსმენებმა მოკლე პროგრამაში 60.08 ქულა (30.16 ტექნიკური ელემენტებისთვის+29.92 პროგრამული კომპონენტებისთვის) ქულა დაიმსახურეს და 31 დუეტს შორის მე-6 ადგილი დაიკავეს.
საინტერესოა, რომ კაზაკოვასა და რევიას სამმა რუსულმა, კანადურმა და ამერიკულმა წყვილებმა გაუსწრეს, ამდენად, ევროპული მასშტაბით მათ მე-4 შედეგი დააფიქსირეს. ამ დისციპლინაში მედლები დღეს გათამაშდება.

0.132643