სუპერლიგის მე-12 ტური გუშინ ბათუმში ერთი მატჩით დაიწყო. აჭარული კლუბი, რომელიც ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებოდა, სუპერლიგაში დასარჩენად იბრძვის და მისთვის თითოეულ მატჩს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ზღვისპირეთს ამჯერად “ოლიმპი” ესტუმრა – გუნდი, რომელსაც 11 ტურის შემდეგ 6 გამარჯვება ჰქონდა და ცხრილის ზედა ნახევარში თავს კომფორტულად გრძნობდა.
მატჩი საკმაოდ საინტერესო, სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. დარბაზში მისულმა გულშემატკივარმა ნამდვილი ბრძოლა იხილა და მატჩის ბოლოს გაიხარა კიდეც. ბათუმელებმა საკუთარი გუნდის გამარჯვება იზეიმეს, რომელიც მეორე პერიოდში 16 ქულით აგებდა, ხოლო დიდი შესვენებისთვის 10 ქულით – 33:43 ჩამორჩებოდა.
გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ბათუმელებმა მეორე ნახევარში დიდებულად ითამაშეს. მოედანზე მყოფი ყველა მოთამაშე ჩინებულად გაისარჯა. ბათუმელებმა მესამე პერიოდი 10 ქულის სხვაობით – 20:10 მოიგეს და ბოლო მეოთხედის წინ ანგარიში გაათანაბრეს – 53:53.
მატჩის ბედი ბოლო პერიოდში, მასპინძელთა სასარგებლოდ გადაწყდა. ამერიკელმა უკანახაზელმა, კეისი შეპარდმა სამმაგი დუბლი მიითვალა, რომელიც მოედანზე მთავარი შემოქმედი იყო. აღსანიშნავია “ბათუმის” კალათბურთელთა გუნდური თამაში, რის საფუძველზეც მასპინძლებმა შეხვედრის დასკვნით წუთებში დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილ ოლიმპელებს თამაშის შემობრუნების შანსი არ მისცეს.
აჭარულმა კლუბმა საბოლოოდ 69:61 მოიგო და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. 4 მოგებით აჭარული კლუბი “შსს აკადემია-ტიტებს” და “კაკტუსს” დაეწია, თუმცა ამ გუნდებს მე-12 ტურის მატჩები 9 მარტს აქვთ გასამართი.
“ბათუმში” 18 ქულით ბომბარდირი სპენსერ კოლინსი გახდა, თუმცა საერთო სარგებლიანობით საუკეთესო კეისი შეპარდი გახლდათ – 10 ქულა, 13 მოხსნა, 12 პასი. 16 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა სტეფან ანდრეევიჩმა, ხოლო დეიან იეფტიჩის ანგარიშზე 12 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. “ოლიმპში” 13-13 ქულით რეჯი ბეიკერი და მარკ ოგდენი გამოირჩნენ. ამ უკანასკნელს 12 მოხსნაც ჰქონდა.
სუპერლიგის მე-12 ტურის დარჩენილი 4 შეხვედრა 9 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
ბათუმი – ოლიმპისტატისტიკა: 69:61
www.gbf.ge