8-9 მარტს გუდაურში პირველად საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ევროპის თასის ეტაპები გაიმართება სნოუბორდ კროსში. 10 მარტს კი, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS RACE) ეგიდით სარეიტინგო შეჯიბრებაა დაგეგმილი.
გუშინ მზიანმა ამინდმა და თოვლის კარგმა ხარისხმა ორგანიზატორებსა და სპორტსმენებს ხელი შეუწყო, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩატარებულიყო.
"კუდების" ფერდობზე 15 ქვეყნის 62 სპორტსმენი სნოუბორდ კროსის ტრასაზე პირველად დაეშვა. ამასთან, მსაჯებმა პირველი ინსტრუქტაჟი გაიარეს.
საღამოს სასტუმრო "ალპინაში" გუნდების კაპიტნების შეხვედრა გაიმართა. მათ მისასალმებელი სიტყვით საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა - ეკატერინე გაბაშვილმა მიმართა. მან უცხოელ სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამოსვლისთვის და სპორტსმენებს წარმატებები უსურვა.
დღეს, 7 მარტს ოფიციალური ვარჯიში გაიმართება.
www.gsf.ge