ფეხბურთი

2:35 | 7.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯადოქრობა! (+VIDEO)

თითქოს ოლე გუნარ სულშერს ჯადოსნური ჯოხი აქვს - 1999 წელს ნორვეგიელის გმირობა ჩემპიონთა ლიგის ფინალში დავიწყებას არ მიეცემა და ალბათ არც ის, რაც დღეს მთავარი მწვრთნელის რანგში „მანჩესტერთან“ ერთად გააკეთა.

სამი კვირის წინ „ოლდ ტრაფორდზე“ „პარი სენ ჟერმენმა“ 2:0 მოიგო და ყველამ ჩათვალა, რომ მეოთხედფინალში უპრობლემოდ გავიდოდა. ამას მოწმობდა სტატისტიკაც და თავად განსაჯეთ: ევროთასების ისტორიაში (პლეი-ოფში) მასპინძელს პირველი თამაში 0:2 106-ჯერ წაეგო და შემდეგ ეტაპზე აქამდე არავინ გასულა. ბუნებრივია, „იუნაიტედის“ შანსი თითქმის ნულს უტოლდებოდა. ამ ყველაფერს საკადრო პრობლემებიც ემატებოდა და „წითელი ეშმაკები“ საფრანგეთის დედაქალაქში განახევრებული შემადგენლობით ჩავიდნენ, 11(!) ფეხბურთელი დააკლდათ...

მიუხედავად ამისა, რაღაც ყოველთვის პირველად ხდება და ახლაც ასე მოხდა, პირველ შეხვედრაში შინ 0:2 დამარცხებული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შემდეგ ეტაპზე პირველად გავიდა! გუშინ, პრესკონფერენციაზე სულშერმა აღნიშნა, რომ ანგარიში ჩვენ უნდა გავხსნათ, რომ თამაშში დავრჩეთო და ასეც მოხდა. მეორე წუთზე კერერის უხეში შეცდომის მერე რომელუ ლუკაკუ ჯიჯი ბუფონთან პირისპირ დარჩა და გაიტანა! ყველაფერი წინ იყო.

პსჟ-მ ზუსტად 10 მოანდომა საპასუხო გოლის გატანას და ბერნატის ზუსტი დარტყმის მერე თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. თუმცა, სულ მალე ფრანგებმა მეტოქეს მორიგი საჩუქარი მიართვეს ლანგრით - ბუფონს ბურთი უწყინარ სიტუაციაში, მისთვის არადამახასიათებლად გაუვარდა ხელიდან და ლუკაკუ იქვე იყო ჩასაფრებული - 1:2. აღსანიშნავია, რომ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე საშინაო შეხვედრაში საწყის 30 წუთში 2 გოლი 1997 წლის შემდეგ („ბაიერნთან“) პირველად გაუშვა.

„იუნაიტედმა“ მეორე ტაიმში ვერ შეუტია, თამაში სულშერმა ვერ გააძლიერა, რადგან სათადარიგო სკამზე გამოცდილი არავინ იჯდა. საპასუხოდ კი, პსჟ-ს ერთხელ მიეცა რეალური შანსი, როცა მბაპემ დე ხეასთან პირისპირ გასულმა ვერ ივარგა. დამირ სკომინამ შეხვედრას 3 წუთი დაამატა და პარიზელები ახლოს იყვნენ მიზანთან... თუმცა, დალოტის დარტყმული პირველი მატჩის გმირ კიმპემბეს ხელზე მოხვდა საჯარიმოში და პენალტი დაინიშნა! ეს მას შემდეგ, რაც სკომინამ ვიდეორეფერთან გადაამოწმა ეპიზოდი.

ბუფონს მარკუს რაშფორდმა აჯობა და „იუნაიტედმა“ ისტორია დაწერა! თავად ბუფონი კი ზედიზედ მეორე სეზონია სანუკვარი თასისთვის ბრძოლას ბოლო წამზე პენალტის შედეგად გამოეთიშა...

სხვათა შოროს, ორი წლის წინ ამავე ეტაპზე „პარი სენ ჟერმენმა“ „ბარსელონასთან“ 4:0-ის შემდეგ მოახერხა და დამარცხდა, ახლაც არანაკლები სასსწაული „ჩაიდინა“. „მანჩესტერი“ და სულშერი კი უბრალოდ ბრწყინავენ - ნორვეგიელის ხელში „წითელი ეშმაკები“ ყველას და ყველაფერს უგებენ.

„პარი სენ ჟერმენი“ – „მანჩესტერი“ 1:3 (1:2) VIDEO

პარიზი, „პარკ დე პრენსი“

მაყურებელი: 47 441

„პარი სენ ჟერმენი“ (4-2-3-1): ბუფონი; კერერი (პარედესი 70), ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი; ვერატი, მარკინიოსი; დანი ალვეში (კავანი 90), დრაქსლერი (მუნიე 70), დი მარია; მბაპე

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

„მანჩესტერი“ (4-4-2): დე ხეა; ბაილი (დალოტი 35), სმოლინგი, ლინდელოფი, შოუ; იანგი (გრენვუდი 87), მაკტომინეი, ფრედი, პერეირა (ჩონგი 80); ლუკაკუ, რაშფორდი

მწვრთნელი: ოლე გუნარ სულშერი

გოლები: 0:1 ლუკაკუ (2), 1:1 ბერნატი (12), 1:2 ლუკაკუ (30), 1:3 რაშფორდი (90, პენ)

გაფრთხილება: დი მარია (34), პარედესი (75) - შოუ (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 4 (4) ბურთის ფლობა: 68%-32% კუთხურები: 4:0 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

0.117325