კალათბურთი

16:00 | 1.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძე მოედანს “ბაიერნთან” მატჩში დაუბრუნდება

პოდგორიცას “ბუდუჩნოსტის” ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ ტრავმა მოიშუშა და მოედანს, სავარაუდოდ დღეს, ევროლიგის 24-ე ტურში დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ბითაძემ ფეხი 10 თებერვალს, ბელგრადის “პარტიზანთან” ადრიატიკის ლიგის მატჩში იტკინა და მაშინვე ითქვა, რომ იძულებითი უქმობა დაახლოებით 20 დღის განმავლობაში მოუწევდა.
მონტენეგროული პრესის ცნობით, გოგა უკვე მწყობრშია და მიუნხენის “ბაიერნთან” შეხვედრაში მოედანზე უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ ქართველ ტალანტს ევროლიგაში დებიუტი გასული წლის 28 დეკემბერს სწორედ გერმანიაში ჰქონდა და მაშინ 23:14 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
ამჟამად, ბითაძეს უმთავრეს ევროპულ ტურნირში 8 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასეთია: 25:28 წუთი, 13.1 ქულა, 6.6 მოხსნა, 0.9 პასი, 2.9 დაფარება. მოახლოებული შეხვედრის წინ, ევროლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე სწორედ ქართველი ლეგიონერის კომენტარი გამოქვეყნდა:
“ბაიერნი” ძალიან ძლიერი მეტოქეა. ისინი განსაკუთრებით კარგად დაცვაში გამოიყურებიან, სადაც აგრესიულად ირჯებიან. მათ შეტევითი პოტენციალიც არ დაეწუნებათ, თუმცა, ჩვენი საკმარისი საშუალებები გვაქვს, რათა ევროლიგის ნებისმიერ გუნდს გავუმკლავდეთ. მოედანზე მოტივირებულნი გავალთ და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავიღებთ”.

0.117143