ჩოგბურთი

1:10 | 1.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი დუბაის ტურნირის მეოთხედფინალში დამარცხდა

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 887 895 დოლარი) მეოთხედფინალში ხორვატ ბორნა ჩორიჩთან 6:4, 2:6, 6:7 (1:7) დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა საწყის რაუნდებში მე-4 ნომრად განთესილ რუს კარენ ხაჩანოვსა და შეჯიბრის ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონ – ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს, შესაბამისად, 6:4, 6:1 და 6:7 (2:7), 6:4, 6:3 სძლია, დღეს კი, მსოფლიოს მე-13 ჩოგანს ვეღარ გაუმკლავდა.
პირველ სეტში ნიკოლოზმა ადრეული ბრეიკი განახორციელა და საქმის ბოლომდე მიყვანა მოახერხა, მეორეში კი 0:5 ჩამორჩა და მართალია, შემდეგ 2 გეიმი მოიგო, საბოლოოდ, სეტი 2:6 დათმო.
ყველაზე დრამატული მე-3 გამოდგა, რომელშიც ბორნა 4:1 დაწინაურდა, ნიკამ წონასწორობა აღადგინა და კიდევ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა, ხორვატი ისევ წინ გავიდა – 5:4. მომდევნო გეიმში ქართველმა ჩოგბურთელმა 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მაგრამ მაინც იმარჯვა და 5:5-ზე თამაში წვიმის გამო შეწყდა...
პაუზა მცირეხნიანი გამოდგა, რის კვალადაც მეტოქეებმა თითო გეიმი გაცვალეს, ტაი-ბრეიკზე კი ჩორიჩის უპირატესობა აშკარა იყო და 7:1 მოიგო. საინტერესოა, რომ ბორნამ საწყის რაუნდებშიც სამ სეტში იმარჯვა და მაშინაც ტაი-ბრეიკზე იგებდა.
მატჩი 2 საათსა და 30 წუთს გაგრძელდა და ჩვენებურს 9 ეისი და 5 ორმაგი შეცდომა მოუგროვდა (ჩორიჩს 10 და 6). ბასილაშვილს პირველ მოწოდებაზე 56%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც სათავისოდ 65% (35 54-დან) დაასრულა, მე-2 მოწოდებაზე კი 52%-ანი შედეგი (22 42-დან) აღმოაჩნდა.
საქართველოს პირველმა ჩოგანმა 12-დან მხოლოდ 3 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი, მოწოდება 4-ჯერ (7-დან) დათმო. ნიკას 25 “ვინერსი” და 38 უნებლიე შეცდომა მოუგროვდა, ბორნას კი, შესაბამისად, 29 და 30.
მიუხედავად მარცხისა, ბასილაშვილისთვის დუბაის ტურნირს მაინც წარმატებული უნდა ვუწოდოთ, რადგანაც ლაივ-რეიტინგში 1865 ქულა მოუგროვდა და მისთვის სარეკორდო მე-18 ადგილზე იმყოფება.

0.104694