დონეცკის „შახტარის“ ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა ფიქრობს, რომ მის გუნდს უკრაინის ჩემპიონატის მე-19 ტურში „ოლექსანდრიასთან“ რთული შეხვედრა ელოდება.
თუმცა, ჩვენებურის განცხადებით, ევროპა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ ეს რეაბილიტაციისთვის კარგი შანსია და „შახტარი“ დაამტკიცებს, რომ ისევ ძლიერია.
„აღდგენა გრძელდება, ზოგიერთებმა გუშინ დაისვენეს, ექიმების კოტროლის ქვეშ არიან, შესაბამისად, ჩვენ 100%-ით მზად ვართ მომავალი მატჩისთვის.
„ოლექსანდრია“? - რა თქმა უნდა, რთული მატჩი გველოდება, რადგან სწრაფი და აგრესიული გუნდია. მათ წელს ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებიათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ მოსამზადებელი ეტაპი ნაყოფიერად გაიარეს და ფიზიკურად კარგ ფორმაში არიან. ნებისმიერ შემთხვევაში კარგი თამაში იქნება.
ვფიქრობ, ჩვენს გუნდში დაღლილობა არ იგრძნობა და ამ თამაშში „შახტარი“ ეცდება დაამტკიცოს, რომ კიდევ უფრო ძლიერია“, - ციტირებს ხოჭოლავას სიტყვებს დონბასელთა ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ „შახტარი“ ევროპა ლიგის გათამაშებას ფრანკფურტის „აინტრახტთან“ ორრაუნდიან ბრძოლაში გამოეთიშა. „ოლექსანდრიას“ კი დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაუპირისპირდება.