ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) რეიტინგში ქართველი მძიმეწონოსანი მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი 60 ქულით რეიტინგის ლიდერია, 49 ქულა აქვს მეორე ადგილოსან ჩინელი დენგს, ოლიმპიური ჩემპიონი თურქი ტაჰა აკგული კი 30 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება. სწორედ ამ რეიტინგის მიხედვით მოხდება თითოეულ წონით კატეგორიაში პირველი ოთხეულის განთესვა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე.
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) 40 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და 15 ქულით უსწრებს ამერიკელების ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ ჯორდან ბაროუზს, ამ წონაში კი ლიდერი რუსეთის წარმომადგენელი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ზაურბეკ სიდაკოვია (76 ქულა).
მსოფლიოს და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე (61 კგ.) 20 ქულით მეექვსეა, მსოფლიოს ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.) 25 ქულით - მეოთხე, დავით ხუციშვილი (79 კგ.) 20 ქულით - მეექვსე, ოლიმპიური პრიზიორი და ევროპის 2-გზის ჩემპიონი დავით მარსაგიშვილი (92 კგ.) 20 ქულით - მეშვიდე და მსოფლიოს პრიზიორი ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) 25 ქულით - მეხუთე.
28 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით, ბულგარულ რუსეში "დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის" სახელობის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი გაიმართება, სადაც საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო რეიტინგში ადგილების კიდევ უფრო გაუმჯობესებას შეეცდება.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახური