კალათბურთი

13:15 | 20.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრები Dyo Aorakia არენაზე ავარჯიშა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ირაკლიონის Dyo Aorakia არენაზე პირველი ვარჯიში გამართა. შესანიშნავ დარბაზს ილიას ზუროსის გუნდმა საღამოს 5 საათზე მიაშურა და დაახლოებით საათნახევრის მანძილზე არაერთ კომპონენტში ივარჯიშა.

დარბაზში მისულ ნაკრების წევრებს ამერიკელი თად მაკფადენი დახვდათ. ეროვნული გუნდის ნატურალიზებული კალათბურთელი კრეტაზე 8 711 კილომეტრი სიშორიდან, ქალაქ დეტროიტიდან ჩამოვიდა და აეროპორტიდან პირდაპირ დარბაზში, სავარჯიშოდ მივიდა. მაკფადენი მყისიერად ჩაჯდა იმ სათამაშო ტაქტიკაში, რომლითაც ზუროსი ჩვენს გუნდს ავარჯიშებს და მოთელვების შემდეგ, ქართველ კალათბურთელებთან სხვადასხვა კომბინაციის დამუშავებაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც თამაშის წინა დღეებში ხდება, აქცენტი კონკრეტულ კომბინაციებს დაეთმო. ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და მისმა ბერძენმა ასისტენტმა გიორგიოს ლიმნიატისმა კარგად იციან თითოეული ოპონენტის შესაძლებლობა და მათთან სათამაშოდ შესაბამისი ტაქტიკაც შემუშავებული აქვთ. საქართველოს ნაკრებმა ძირითადად ერთ ფარში, შეტევით და დაცვით კომბინაციებზე იმუშავა, თუმცა მეტი ყურადღება, როგორც ყოველთვის, მეორე კომპონენტს დაეთმო.

საქართველოს ნაკრები 20 თებერვალს, დილის 11:00 საათზე, მეორედ ივარჯიშებს Dyo Aorakia არენაზე, რის შემდეგაც დაისვენებს და საღამოს, გენერალურ ვარჯიშს გამართავს. შეგახსენებთ, რომ ირაკლიონში, 21 თებერვალს, ადგილობრივი დროით 20:30 საათზე, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლოსწინა ტურში საბერძნეთი საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს.

0.22071