ფეხბურთი

3:59 | 20.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" VS "იუვენტუსი" - შანსი თანაბარია

ჩემპიონთა ლიგაზე დღის ცენტრალური და ყველაზე საინტერესო შეხვედრა „ატლეტიკოსა“ და „იუვენტუსს“ შორის შედგება. ორივე გუნდი მიმდინარე გათამაშების ფავორიტთა შორისაა და ბუნებრივია, მადრიდული დაპირისპირებისადმი დიდი მოლოდინია.

„იუვენტუსს“ შიდა ჩემპიონატში ყველაფერი მოგვარებული აქვს და ახლა მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზეა კონცენტრირებული. „ატლეტიკო“ კი ბოლო დროს ვერაა სათანადო დონეზე და უკანასკნელი სამი მატჩიდან ორი წააგო. თუმცა, დიეგო სიმეონე მიიჩნევს, რომ მის გუნდს შეუძლია მაღალ დონეზე ჩაატაროს ეს თამაში და შანსებს თანაბრად აფასებს.

სხვათა შორის, „ჩოლოს“ თავს კარგი ამბებია, რადგან ბოლო დღების განმავლობაში გუნდს ერთბაშად რამდენიმე ტრავმირებული დაუბრუნდა - დიეგო კოშტა, სტეფან სავიჩი, კოკე. თუმცა, კოშტა 90 წუთის სათამაშოდ მზად არააო და დღეს ძირითადში ალვარო მორატას ვიხილავთ, რომელიც ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გაირჯება და აღნიშნა, რომ თუ გავიტან, გოლს აღვნიშნავო. დღევანდელ მატჩში მადრიდელებს მხოლოდ ფრანგი მცველი ლუკას ერნანდესი დააკლდებათ.

თავის მხრივ „იუვენტუსს“ ცოტა ხნის წინ ჯორჯო კიელინი, ანდრეა ბარძალი და ლეონარდო ბონუჩი დაუბრუნდნენ. თუმცა, დანაკლისი მაინც არის მასიმილიანო ალეგრის გუნდში - დუგლას კოშტა ვარჯიშობს, თუმცა განაცხადში არაა, რადგან ბოლომდე მზად არ იყო და სამი ხედირა, რომელიც გუნდს ბოლო მომენტში გამოაკლდა და ტურინში დარჩა. საქმე ისაა, რომ გერმანელს გულის არითმია დაუდგინდა და შესაძლოა საოპერაციოც გახდეს.

დიეგო სიმეონე („ატლეტიკოს“ მწვრთნელი): „ეს ჩემპიონთა ლიგაა უდიდესი ტურნირი და ვითამაშებთ დიდი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც „იუვენტუსია“. ასეთი თამაშები გვეხმარება გაზრდაში და ვამაყობთ, რომ ამ ტურნირზე ვართ. „იუვე“ ძლიერია და მის წინააღმდეგ თამაში ძნელია. ჰყავს მწვრთნელი, რომელიც უკვე დიდი ხანია მუშაობს, ჰყავს მაღალი ხარისხის ფეხბურთელები. იმედია, იმ თამაშს ვაჩვენებთ, როგორიც დაგეგმილი გვაქვს და გვინდა“.

მასიმილიანო ალეგრი („იუვენტუსის“ მწვრთნელი): „ეს თამაში არ გავს დანარჩენ მატჩებს, ეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალია. ბოლო ოთხ წელში ჩვენ ბევრი ასეთი დონის მატჩი ჩავატარეთ. „ატლეტიკო“ ორგანიზებული გუნდია, რომელიც დაცვაში ძალიან ძლიერია. ჩემი გუნდი გაიზარდა ფიზიკურად, მენტალურად, ტექნიკურად, მაგრამ მოსამატებელი კიდევ გვაქვს, რადგან სეზონის გადამწყვეტი ეტაპი იწყება. აქ ფრისთვის არ ჩამოვსულვართ, გოლი უნდა გავიტანოთ. უკეთესი იქნება თუ ორ გოლს გავიტანთ“.

სავარაუდო შემადგენლობა:

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; არიასი, ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუისი; საულ ნიგეზი, კოკე, როდრი, ლემარი; მორატა, გრიზმანი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი; დიბალა, მანჯუკიჩი, რონალდუ

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

მადრიდში, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“, სადაც მიმდინარე სეზონის ფინალი გაიმართება ბოლო წლების ფინალისტები შეხვდებიან. ორივე გუნდი ორ-ორჯერ ახლოს იყვნენ ტიტულთან.

„ატლეტიკომ“ 2014 და 2016 წლებში „რეალთან“ წააგო ფინალები, ხოლო „იუვენტუსმა“ 2015 წელს „ბარსელონასთან“, ხოლო 2017 წელს „რეალთან“.

„როხიბლანკომ“ A ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო „იუვენტუსმა“ H ჯგუფში იპირველა.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები აქამდე ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. 2014-2015 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე მადრიდში მასპინძლებმა არდა თურანის გოლით მოიგეს. იმ დღეს „იუვენტუსის“ წინააღმდეგ მარიო მანჯუკიჩმა ითამაშა, რომელიც დღეს ტურინელთა ღირსებას იცავს. მოედანზე იყვნენ დიეგო გოდინი, საულ ნიგესი, ანტუან გრიზმანი, ხუანფრანი, ხოლო იან ობლაკი და ხოსე მარია ხიმენესი სათადარიგო სკამზე დარჩნენ. „იუვეს“ მხრიდან ჯორჯო კიელინიმ და ლეონარდო ბონუჩიმ ითამაშეს.

ტურინში მეორე მატჩი 0:0 დასრულდა, საბოლოოდ ჯგუფში პირველ ადგილზე „ატლეტიკო“ გავიდა, ხოლო „იუვენტუსი“ - მეორეზე.

სტატისტიკა

„ატლეტიკო“

დიეგო სიმეონეს გუნდი ბოლო 6 სეზონის განმავლობაში მერვედფინალში მეხუთედ გავიდა. 2017-2018 წლების სეზონში „ატლეტიკო“ ჯგუფში ჩარჩა და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა, რომლის გამარჯვებულიც გახდა.

ესპანურმა გუნდმა ეს ბარიერი ოთხჯერ გადალახა, მხოლოდ პირველ ჯერზე 2008-2009 წლების სეზონში ვერ დაძლია „პორტუს“ ბარიერი.

„ატლეტიკო“ პლეი-ოფში იტალიურ გუნდებს რვაჯერ დაუპირისპირდა. ოთხჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდა, ხოლო ოთხჯერ ტურნირს გამოეთიშა. ბოლოს „მილანი“ დაამარცხა 2013-2014 წლების სეზონში ორი მატჩის ჯამში 5:1 (1:0, 4:1).

„ატლეტიკოს“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მიჯრით 12 მატჩია არ წაუგია (7 მოგება, 5 ფრე). ბოლოს ასეთი რამ 1996-1997 წლების სეზონში მოხდა, როდესაც „აიაქსთან“ (2:3) დამარცხდა.

„როხიბლანკოს“ სახლში იტალიური გუნდების წინააღმდეგ ზედიზედ 5 შეხხვედრა აქვს მოგებული. ბოლოს „რომა“ 2:0 დაამარცხა. ამასთან ბოლო ცხრა მატჩი მადრიდელებს (სახლში და სტუმრად) იტალიურ გუნდებთან არ წაუგიათ (7 მოგება, 2 ფრე). უკანასკნელი მარცხი 2011-2012 წლების სეზონით თარიღდება, როდესაც „უდინეზესთან“ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 0:2 წააგო.

„ატლეტიკოს“ ევროსაბიელზე ბოლო რვა საშინაო თამაში მოგებული აქვს. მიმდინარე სეზონში ჯგუფურ ეტაპზე „ბრიუგე“ 3:1 დაამარცხა და ერთადერთი თამაშია, როდესაც გოლი გაუშვა. ბოლოს მადრიდში „ჩელსიმ“ მოუგო (2:1) ეს ბოლო 21 შეხვედრაში ერთადერთი საშინაო მარცხია ევროპულ არენაზე (17 მოგება, 3 ფრე).

მიმდინარე სეზონში სიმეონეს გუნდმა „დორტმუნდი“ და „მონაკო“ 2:0 დაამარცხა. მესამე ტურშ კი „დორტმუნდთან“ სტუმრად 0:4 წააგო.

„როხიბლანკომ“ მიმდინარე სეზონში ტიტული უკვე მოიგო - ევროპის სუპერთასზე „რეალი“ 4:2 დაამარცხა.

„ატლეტიკომ“ ბოლო 9 სეზონში ორჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგისა და სამჯერ ევროპა ლიგის ფინალში გასვლა.

„იუვენტუსი“

„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მეათედ თამაშობს. წინა 9 შემთხვევიდა 6-ჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდა, ხოლო სამჯერ ტურნირს გამოეთიშა. ბოლო ორ სეზონში ეს ბარიერი დაძლია, შარშან კი „ტოტენჰემი“ დაამარცხა (2:2, 2:1).

„იუვენტუსის“ ბალანსი პლეი-ოფში ესპანურ გუნდებთან ასეთია: 9 მოგება, 7 წაგება. შარშან „რეალთან“ მეოთხედფინალში დამარცხდა (0:3, 3:1).

„იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში ორი საგარეო მატჩი მოიგო. ჯერ „ვალენსია“ (2:0), ხოლო შემდეგ „მანჩესტერი“ (1:0) დაამარცხა, თუმცა ბოლოს „იანგ ბოიზთან“ (1:2) წააგო.

შვეიცარიაში მარცხით დასრულდა „იუვეს“ ხუთმატჩიანი მოგებათ სერია გასვლით მატჩებში.

„ვალენსიასთან“ ორი მოგების შემდეგ „იუვეს“ ესპანურ გუნდებთან მიჯრით სამი გამარჯვება დაუგროვდა. თუმცა, იქამდე ბოლო 9 საგარეო შეხვედრიდან მხოლოდ სამი ჰქონდა მოგებული. მთლიანობაში ტურინელთა ესპანური ბალანსი უარყოფითია: 6 მოგება, 6 ფრე, 16 წაგება.

„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვენულია (1985, 1996 წლებში). ფინალში ცხრაჯერ უთამაშია და შვიდჯერ მარცხი განიცადა.

გზაჯვარედინი

დიეგო სიმეონე იტალიაში „პიზას“, „ინტერისა“ და „ლაციოს“ რიგებში თამაშობდა. 2002 წლის მაისში რომაელთა მაისურით „იუვენტუსის“ კონკურენტ „ინტერს“ გაუტანა და ტურინელებს ეს გოლი ჩემპიონობაში დაეხმარა.

მარიო მანჯუკიჩი „ატლეტიკოდან“ „იუვენტუსში“ 2015 წლის ზაფხულში გადავიდა. ესპანეთის ჩემპიონატში ხორვატმა 28 თამაში ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.

„ატლეტიკომ“ იანვარში ალვარო მორატა შეიძინა, რომელიც 2014-2016 წლებში „იუვენტუსში“ თამაშობდა. ესპანელს შავ-თეთრი მაისურით ჩატარებულ 93 შეხვედრაში 27 გოლი აქვს გატანილი. მათ შორის, 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის ორვე ნახევარფინალურ და ფინალურ მატჩში.

კრიშტიანუ რონალდუ „რეალში“ 2009-2018 წლებში თამაშობდა და ესპანეთის ჩემპიონატის 292 მატჩში 311 გოლი აქვს გატანილი. ოთხჯერ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 2014 წელს ფინალში „ატლეტიკოსთან“ გოლი გაიტანა (პენალტი), ხოლო 2017 წელს ნახევარფინალში ჰეთ-თრიქი შეასრულა მადრიდელთა წინააღმდეგ. მთლიანობაში კრიშტიანუს „ატლეტიკოსთან“ 31-ჯერ უთამაშია და 22 გოლი გაუტანა (14 მოგება, 9 ფრე, 8 წაგება).

სამი ხედირა 2010-2015 წლებში „რეალში“ თამაშობდა და 2014 წელს „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიმარჯვა.

ადანს 2014 წელს „კალიარის“ რიგებში ორი თამაში აქვს ჩატარებული. ერთ-ერთი „იუვენტუსთან“ და მისმა გუნდმა 1:4 წააგო.

„ბენფიკას“ რიგებში იან ობლაკმა 2013-2014 წლების სეზონში ევროპა ლიგის ფინალი „იუვენტუს სთედიუმზე“ წააგო. იქამდე კი ნახევარფინალში სწორედ „იუვენტუსი“ დაამარცხა (2:1 ორი მატჩის ჯამში).

ანტუან გრიზმანმა, ლუკას ერნანდესმა, ტომას ლემარმა და ბლეზ მატუიდიმ 2018 წელს საფრანგეთის ნაკრების რიგებში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეს. გრიზმანმა ფინალში მანჯუკიჩის ხორვატიას პენალტი გაუტანა, თუმცა იმ მატჩში გოლი მარიომაც გაიტანა.

იტალიის ნაკრების მაისურით ლეონარდო ბონუჩიმ, ანდრეა ბარძალიმ, მატია დე შილიომ და ჯორჯო კიელინიმ 2016 წელს მერვედფინალში ხუანფრანის ესპანეთი დაამარცხა. ფედერიკო ბერნარდესკი და კოკე კი სათადარიგო სკამზე დარჩნენ.

ესპანეთში უთამაშიათ:

სამი ხედირა („რეალი“ 2010-2015)

ჟოაუ კანსელუ („ვალენსია“ 2014-2018)

მარტინ კასერესი („უელვა“ 2007-2008, „ბარსელონა“ 2008-2009, „სევილია“ 2010-2012).

კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“ 2009-2018)

მარო მანჯუკიჩი („ატლეტიკო“ 2014-2015)

იტალიაში უთამაშიათ:

სტეფან სავიჩი („ფიორენტინა“ 2012-2015)

ანტონიო ადანი („კალიარი“ 2014)

ნიკოლა კალინიჩი („ფიორენტინა“ 2015-2017, „მილანი“ 2017-2018)

ალვარო მორატა („იუვენტუსი“ 2014-2016)

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:

დიეგო გოდინი, ხოსე მარია ხიმენესი და როდრიგო ბენტნაკური, მარტინ კასერესი (ურუგვაი)

ფილიპე ლუისი და ალექს სანდრო, დუგლას კოშტა (ბრაზილია)

სანტიაგო არიასი და ხუან კუადრადო (კოლუმბია)

ანხელ კორეა და პაულო დიბალა (არგენტინა)

ნიკოლა კალინიჩი და მარიო მანჯუკიჩი (ხორვატია)

ერთად უთამაშიათ:

დიეგო კოშტა, ფილიპე ლუისი და ხუან კუადრადო („ჩელსი“ 2015)

ნიკოლა კალინიჩი და ფედერიკო ბერნარდესკი („ფიორენტინა“ 2015-2017)

სტეფან სავიჩი და ფედერიკო ბერნარდესკი („ფიორენტინა“ 2014-2015)

ნიკოლა კალინიჩი და ლეონარდო ბონუჩი („მილანი“ 2017-2018)

ალვარო მორატა და კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“ 2010-2014, 2016-2017)

ალვარო მორატა და სამი ხედირა (2010-2014)

შენიშვნა: მორატას ასევე უთამაშია „იუვენტუსში“, მანჯუკიჩს - „ატლეტიკოში“.

ბოლო პერიოდი

„ატლეტიკო“

„ატლეტიკომ“ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შემდეგ ასეთი ბალანსით ითამაშა: 6 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება

„როხიბლანკომ“ ბოლო 9 მატჩიდან მხოლოდ ოთხი მოიგო და ორი წააგო (ზედიზედ). შაბათს კი „რაიო ვალეკანო“ 1:0 დაამარცხა. 9 თებერვალს კი, დერბიში 1:3 წააგო და ეს იყო მიმდინარე სეზონში პირველი საშინაო მარცხი. იქამდე, სიმეონეს გუნდი შინ ასეთი ბალანსით თამაშობდა: 13 მოგება, 3 ფრე.

„ატლეტიკოს“ შინ 14 ჩატარებულ მატჩში მხოლოდ 5 გოლი ჰქონდა გაშვებული. თუმცა, ბოლო 3 თამაშში 6 გოლი გაუშვა (კოპა დელ რეიზე „ჟირონასგან“ 3:3). ამ მატჩითვე დასრულდა ხუთმატჩიანი მშრალი სერია საკუთარ მოედანზე.

ალვარო მორატა, რომელიც თავის დროზე „ატლეტიკოს“ აკადემიაში იყო იანვარში გუნდში დაბრუნდა „ჩელსიდან“ 18-თვიანი იჯარით.

ანტუან გრიზმანმა 11 მატჩში 10 გოლი გაიტანა და მათ შორის, შაბათს „რაიოს“ კარში გადამწყვეტი გოლი. ფრანგს 130 გოლი დაუგროვდა მადრიდული გუნდის მაისურით და ყველა დროის საუკეთესო მეგოლეებში მეხუთე ადგილზე აინაცვლა.

დიეგო კოშტა 2 დეკემბრის შემდეგ ტრავმირებული იყო და „რაიოსთან“ შეხვედრაში დაბრუნდა, სადაც 30 წუთი ითამაშა. ასევე დაბრუნდა სტეფან სავიჩი, ის მოედანზე 15 წუთით იყო.

ლუკას ერნანდესი დერბიში დაშავდა და ტრავმირებულია.

14 თებერვალს დიეგო სიმეონემ „ატლეტიკოსთან“ ახალი კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა.

„იუვენტუსი“

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ „იუვენტუსმა“ სერია A-ში 9 მატჩიდან 7 მოიგო და 2 ფრე ითამაშა. ბოლოს კი „ფროზინონე“ 3:0 დაამარცხა.

პაულო დიბალამ ამ შეხვედრაში ანგარიში გახსნა და ეს იყო სერია A-ში 3 ნოემბრის შემდეგ პირველად გაიტანა. დიბალას იტალიის ჩემპიონატში წელს 3 გოლი აქვს გატანილი და ყველა თამაშის საწყის 11 წუთში.

„ბიანკონერი“ იტალიის ჩემპიონატში ჯერ კიდევ დაუმარცხებელია (21 მოგება, 3 ფრე). ბოლოს გასული წლის 22 აპრილს, „ნაპოლისთან“ 0:1 დამარცხდა.

16 იანვარს „იუვემ“ იტალიის სუპერთასზე „მილანი“ კრიშტიანუ რონალდუს გოლით დაამარცხა და ტიტული მოიპოვა.

იტალიის თასზე „ბოლონიას“ (2:0) დამარცხების შემდეგ „ატალანტასთან“ 0:3 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

რონალდუმ სერია A-ს ზედიზედ 9 საგარეო შეხვედრაში გამოიჩინა თავი. რეკორდი ჯუზეპე სინიორის ეკუთვნის (10 თამაში), მაგრამ მან ამის გაკეთება ორი სეზონის მიხედვით მოახერხა. კრიშტიანუმ კი ცხრავე მატჩი მიმდინარე სეზონში ჩაატარა.

რონალდუს სერია A-ს 24 თამაშში 19 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ბოლო 7 მატჩში თავი რვაჯერ გამოიჩინა.

ჯორჯო კიელინი „ატალანტასთან“ დაშავდა, მაგრამ გასულ ტურში „ფროზინონესთან“ დაბრუნდა და 70 წუთი ითამაშა.

ასევე მისი მეწყვილე ლეონარდო ბონუჩი 27 იანვრის მერე ტრავმირებული იყო და ისიც პარასკევს დაუბრუნდა მოედანს, 90 წუთი ითამაშა და გოლიც გაიტანა.

ანდრეა ბარძალიმ ტრავმა მოიშუშა, „სასუოლოსთან“ და „ფროზინონესთან“ თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

დუგლას კოშტას 2 თებერვლის მერე არ უთამაშია, როდესაც („პარმასთან“ 3:3) შეხვედრაში დაშავდა.

ხუან კუადრადო ტრავმირებულია და ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდან ამოშალეს.

ემრე ჯანმა 21 იანვარს ტურინელთა რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა, ხოლო „სასუოლოსთან: მეორედ გამოიჩინა თავი.

0.505862