მონტენეგროულმა “ბუდუჩნოსტმა”, რომლის ღირსებასაც ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე იცავს, მორიგი ტრანსფერი განახორციელა. პოდგორიცელებმა კონტრაქტი 24 წლის ამერიკელ მძიმე ფორვარდ დევინ უილიამსს (სიმაღლე 2.06 მ.) გაუფორმეს, რომელიც ბოლო პერიოდში თურქული “ბუიუკჩეკმეჩეს” ღირსებას იცავდა.
აღსანიშნავია, რომ უილიამსმა თურქეთის სუპერლიგა საუკეთესო მომხსნელის (საშუალოდ 11.9) რანგში დატოვა, ამასთან კი საშუალოდ 18.0 ქულაც ჰქონდა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. “ბუიუკჩეკმეჩე” დევინის პირველი ევროპული კლუბი გახლდათ, მანამდე კი მან ავსტრალიაში, გ-ლიგასა და პუერტო-რიკოში თამაში მოასწრო.
მოსალოდნელია, რომ ვილიამსს წინა ხაზში კონკურენცია ბითაძესთანაც მოუწევს, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია და ჯერაც უცნობია, ითამაშებს თუ არა 22 თებერვალს ევროლიგის ეგიდით ლიტვურ “ჟალგირისთან” დაგეგმილ შეხვედრაში.