რამდენიმე თვის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ზაურ მახარაძესა და ბექა ვაჩიბერაძეს ქართული პასპორტები გადასცა და თითქოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორი პოტენციური ფეხბურთელიც უნდა შემატებოდა.
თუმცა, გავიდა დრო და ეს ფეხბურთელები ეროვნულ გუნდში აღარ გამოჩენილან - პრობლემა წარმოიშვა. აღნიშნულ საკითხზე სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთა კომენტარი.
როგორც გაირკვა ფიფას წესდების თანახმად, ფეხბურთელს, რომელსაც სხვა ქვეყნის თუნდაც ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები და იმ დროს მხოლოდ ერთი ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდა, მეორე ნაკრებში თამაში აღარ შეუძლია.
„ჩვენ ყველა იმ ფეხბურთელზე გვაქვს ინფორმაცია, რომლებიც საქართველოს მიღმა თამაშობენ და ქართული პასპორტი არ აქვთ. მათ შორის წიტაიშვილზეც, ჩვენ შევხდით მამამისს, თუმცა, აქ მეორე მხარეც არის. მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე არაა დამოკიდებული ყველაფერი. ბოლო პერიოდში ორ ფეხბურთელზე, ბექა ვაჩიბერაძეზე და ზაურ მახარაძეზე ასეთი პრობლემა წარმოიშვა - როდესაც, მათ უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში ითამაშეს, მხოლოდ იქაური პასპორტი ჰქონდათ და ფიფას რეგულაცია კრძალავს ასეთ დროს მათ სხვა ნაკრებებში თამაშს. ამ ფეხბურთელებს იმ დროსაც რომ ჰქონოდათ ქართული პასპორტი, მაშინ პრობლემა არ წარმოიშვებოდა. იგივე მდგომარეობაა ახლა წიტაიშვილზეც, აკაკი გოგიაზეც. ფიფაში დაგვიპრდნენ, რომ ამ რეგულაციებს გადახედავენ და ვნახოთ, როგორ განივთარდება მოვლენები. ისე კი, საზღვარგარეთ მოთამაშე ფეხბურთელებს ყოველთვის ვაკვირდებით, მაგრამ ზოგჯერ ასეთ პრობლემებს ვაწყდებით“, - აღნიშნა კობიაშვილმა.
აქვე გეტყვით, რომ ზაურ მახარაძეს თავის დროზე უკრაინის 16, 17, 18 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია, ხოლო ბექა ვაჩიბერაძეს ამავე ქვეყნის 16, 17, 18, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში. იმ პერიოდში არცერთ ფეხბურთელს ქართული პასპორტი არ ჰქონია და მხოლოდ უკრაინის მოქალაქეები იყვნენ.