თურქულ შეკრებაზე მყოფმა „ვიტ ჯორჯიამ“ მორიგი ამხანაგური მატჩი ბოსნიურ „სარაევოსთან“ჩაატარა, თუმცა შეხვედრა კონფლიქტის გამო ვერ დასრულდა.
ბოსნიელებმა მატჩი პირველივე წუთებიდან აგრესიულად დაიწყეს, რის გამოც შეხვედრის მე-16 წუთზე უკრაინელმა არბიტრმა ჯაჰიჩი მოედნიდან გააძევა. 10 კაცით დარჩენილ მეტოქეს ვიტჯორჯიელებმა გაძევებული ფეხბურთელის სხვა მოთამაშით ჩანაცვლების საშუალება მისცეს.
რაც შეეხება უაშუალოდ მატჩს, - ანგარიში მე-11 წუთზე ზურაბ მუსელიანმა გახსნა და „ვეტერინარები“ დააწინაურა. შეხვედრის მეორე ტაიმში ბოსნიელებმა გაათანაბრეს და მალევე დაწინაურებაც მოახერხეს. 72-ე წუთზე კი პაატა ღუდუშაური მცველებმა წააქციეს და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც თავადვე გოლად აქცია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გაშვებული გოლის შემდეგ სარაევოს ფეხბურთელებმა უხეშობას უმატეს, ამას თან დაერთო მსაჯის გულგრილი დამოკიდებულება და ტრიბუნაზე მჯდომი სარაევოს ფეხბურთელების ნაწილის ირონიული და პროვოკაციული შეძახილები და ქმედებები, შედეგად, 83-ე წუთზე შეხვედრა ხელჩართულ ორთაბრძოლაში გადაიზარდა, არბიტრმა კი თამაშის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.