საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას „ჟილინაში“ გააგრძელებს. როგორც სლოვაკური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ჩვენებურთან კონტრაქტი 2019 წლის 31 დეკემბერამდე გაფორმდა.
მოგეხსენებათ, ლოჩოშვილის სატრანსფერო უფლებები კიევის „დინამოს“ ეკუთვნის და შესაბამისად, „ჟილინაში“ იჯარით ითამაშებს.
„ჟილინაში“ კარგი განწყობით მოვედი და დადებითი ემოციები მაქვს. ვიცი, რომ სლოვაკეთში გამორჩეული გუნდია და დიდი ისტორია აქვს, ამიტომ, როდესაც ეს წინადადება მივიღე, ბევრი არ მიფიქრია. რამდენიმე თამაში ვნახე, ვიცი, რომ ახალგაზრდული გუნდია. „ჟილინას“ აქვს ძლიერი მომავალი და იმედია გუნდის დახმარებას შევძლებ.
გიორგი თევზაძე? - მას კარგად ვიცნობ, მეგობრები ვართ. ახალგაზრდულ ნაკრებებში და კლუბში ერთად ვთამაშობდით. „ჟილინაზე“ მხოლოდ დადებითი მითხრა. ზაფხულში „დუნაისკა სტრედას“ წინააღმდეგ ვითამაშე და მაღალი დონის მეტოქე იყო, რაც ადასტურების ლოვაკეთის ლიგის სიძლიერეს. თუმცა, ჩვენ არ გაგვიმართლა და გოლი ბოლოს გავუშვით.
უკრაინა? - ეს ჩემი კარიერის წარსულია. ახლა მინდა, რომ „ჟილინაში“ დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები“, - განაცხადა ლოჩოშვილმა.
„ინგლისურ და რუსულ ენებზე საუბარი შეუძლია, რაც მწვრთნელთან კომუნიკაცას და სამუშაო პროცესს გაუადვილებს. მაგრამ, მისი მთავარი თვისება „საფეხბურთო ენაა“, რის გამოც ჩვენ არჩევანი მასზე გავაკეთეთ. ვფიქრობ, ადვილად მოახერხებს ჩვენთან თავს კარგად წარმოაჩენს, ასე რომ, მხოლოდ ენის გამო არ დაგვიმატებია. ვფიქრობთ, ლუკას ჩვენი გუნდისთვის კარგი პარამეტრები გააჩნია“, - განაცხადა სპორტულმა დირექტორმა კაროლ ბელანიკმა.
შეგახსენებთ, ლოჩოშვილი „დინამო თბილისიდან“ კიევის „დინამოში“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა, თუმცა უკრაინაში ფეხი ვერ მოიკიდა. შედეგად, გასული სეზონი იჯარით ისევ თბილისურ გუნდში გაატარა, ხოლო ახლა „ჟილინაში“ გაანათხოვრეს.
თავის მხრივ, სლოვაკურ გუნდში გიორგი თევზაძეც ირიცხებოდა, მაგრამ თავი ვერ გამოიჩინა და ცოტა ხნის წინ „საბურთალოში“ დაბრუნდა. „ჟილინა“ ტიტულოვანი სლოვაკური გუნდია, რომელიც მიმდინარე სეზონში 18 ტურის შემდეგ 34 ქულით მესამე ადგილზეა. მასზე წინ მხოლოდ „დუნაისკა სტრედა“ (38 ქულა) და „სლოვანი“ (46 ქულა) არიან.