თურქეთის ქალთა სუპერლიგის ბოლო ტურში ქართველი ხელბურთელის ქეთი კუნელაშვილის კლუბმა, არდაშენმა სტუმრად 38-37 დაამარცხა ბურსა და 19 ქულით მეორე ადგილზეა. ქართველმა უკანახაზელმა ამ მატჩში 6 გოლი გაიტანა.
9 თებერვალს არდაშენი მასპინძლობს ლიდერს, კასტამონუს, რომელსაც 1 ქულით ჩამორჩება და პირველ წრეში დამარცხებული ჰყავს.
19 წლის კუნელაშვილი გუნდში სეზონის დაწყების შემდეგ გადავიდა და პირველ წრეში ცოტას თამაშობდა - 7 მატჩში 3 გოლი ჰქონდა გატანილი და შემადგენლობას ნელ-ნელა აჩვევდნენ, მაგრამ ბურსაში არდაშენს აკლდა ორი ლიდერი - უკრაინელი ოლგა ვაშჩუკი და მაკედონიელი დუშიცა გიორგიევსკა. მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობაში ქართველი დააყენეს და მანაც გაამართლა.
კუნელაშვილი: - ბურსას ოსმანგაზ ბელედიე აუტსაიდერია, მაგრამ ჩვენი გუნდი ძალიანაა დამოკიდებული ვაშჩუკსა და გეორგიევსკაზე და სეროზული ბრძოლა გამოვიდა. მე თითქმის 60 წუთი ვიყავი მოედანზე, შეტევაში უფრო ხშირად შუაში ვიდექი, იშვიათად - მარცხნივ, დაცვაში კი ან ცენტრში, ან მეორე მცველად. საბოლოოდ, ამ 38 გოლიდან 33 გავიტანეთ ოთხმა მოთამაშემ - ფერიჰან თოფალოღლუმ (12), ნესლიჰან აქჯანჩამ (8), ქუბრა ილმაზმა (7) და ექვსიც - მე. კარგია, რომ მწვრთნელი მენდო, ახლა მოუთმენლად ველით კვირადღეს და კასტამონუსთან თამაშს, რომლის დამარცხების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადავალთ.
ხელბურთი. თურქეთის სუპერლიგა (ქალები). 1. კასტამონუ 12 მატჩი/20 ქულა - 2. არდაშენი 12/19 - 3. მურატფაშა 11/16 – 4. იენიმაჰალე 11/16 - 5. უშკუდარი 11/14 – 6. აქსარაი 12/14 – 7. ფოლათლი 12/14 – 8. იზმირი 11/7 – 9. იალიკავაკი 12/6 – 10. ბურსა 12/1 – 11. სამსუნი 12/1