არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა აზიის თასის 2019 წლის გათამაშება, რომლის ტრიუმფატორი ყატარის ნაკრები გახდა.
აბუ დაბიში გამართულ ფინალში ყატარი ფავორიტად შერაცხულ იაპონიას დაუპირისპირდა და უშანსოდ დაამარცხა. ფელიქს სანჩესის გუნდმა უპირატესობა მატჩის დასაწყისშივე მოიპოვა და თამაშის დასრულებამდე ხელიდან არ გაუშვია.
ანგარიში მე-12 წუთზე ალის ზუსტი დარტყმით გაიხსნა. სხვათა შორის, ალ მოეზ ალიმ ტურნირი 9 გოლით დაასრულა და ირანელი ალი დაეს რეკორდი დაამხო. საქმე ეხება აზიის თასის ერთ კონკრეტულ გატამაშებაში გოლების რაოდენობას. სულ მალე ყატარელებმა კომფორტული უპირატესობა შეიქმნეს მას შემდეგ, რაც ჰატემიმ სხვაობა ორამდე გაზარდა. იაპონია ბევრს სცდილობდა, რომ სანჩესის გუნდისთვის მშვიდი ცხოვრება დაერღვია, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნა უჭირდა. და მაინც, თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე სიტუაცია დაიძაბა. მინამინოს გოლით ჰაიმე მორიასუს შეგირდებმა სხვაობა შეამცირეს და თამაშის გადარჩენის იმედიც გაჩნდა. თუმცა, ამაოდ - ბოლოს ყატარის ნაკრებმა მესამე გაიტანა და თამაშიც დასრულდა.
ამრიგად, ყატარმა აზიის 2019 წლის თასის გათამაშება მოიგო. აღსანიშნავია, რომ დამდეგი მუნდიალის მასპინძლებმა ესოდენ დიდ წარმატებას ისტორიაში პირველად უწიეს და შესაბამისად, აზიის თასი პირველად დაისაკუთრეს. ცნობისთვის, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი (9 გოლი) და ფეხბურთელი ყატარის ნაკრების თავდასხმელი ალ მოეზ ალი გახდა.
იაპონია - ყატარი 1:3 (0:2)
აბუ დაბი, „ზაიედ სთედიუმი“
იაპონია (4-4-2): გონდა; საკაი, ტომიასუ, იოშიდა, ნაგატომო; ჰარაგუჩი (მუტო 62), შიბასაკი, შიოტანი (იტო 84), დოანი; მინამინო (ინუი 89), ოსაკო
მწვრთნელი: ჰაიმე მორიასუ
ყატარი (5-3-2): ალ შეები; მიგელი, ჰიშამი, ხუხი (ალ ჰაირი 61), სალმანი, აბდულკარიმი; ჰატემი, მადიბო, აფიფი; ალ ჰაიდოსი (ბუდაიფი 74), ალი (ალაელდინი 90)
მწვრთნელი: ფელიქს სანჩესი
გოლები: 0:1 ალი (12), 0:2 ჰატემი (27), 1:2 მინამინო (69), 1:3 აფიფი (83, პენ)
გაფრთხილება: შიბასაკი (20), იოშიდა (82), საკაი (87) - აფიფი (84), მიგელი (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (1) – 6 (3) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 13:2 თამაშგარე: 0:1
მსაჯი: რაშვან ირმატოვი (უზბეკეთი)