სხვა

14:35 | 31.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნინო სალუქვაძემ მიუნხენის ტურნირი შეაფასა

ქართველმა ტყვიის მსროლელებმა დაასრულეს გამოსვლა მიუნხენში, საერთაშორისო ტურნირზე, სადაც ლიზი კილაძე ახალგაზრდებში ორივე სტარტზე ფინალში შევიდა, შერეულ წყვილებში კი ნინო სალუქვაძისა და ცოტნე მაჭავარიანის დუეტი მეოთხეზე გავიდა.

ეს ტურნირით ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ერთი ეტაპი იყო. ჩვენი ნაკრების გამოსვლას ნინო სალუქვაძე ასე აფასებს:
- ორიენტირად აღებული გვაქვს ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ხორვატიაში გაიმართება, და იმისთვის ვემზადებით. კონტინენტის პირველობა აქამდე ყოველთვის თებერვალში ტარდებოდა, ახლა კი რატომღაც მარტშია დანიშნული. ამიტომ მიუნხენის ტურნირის შემდეგ საფრანგეთშიც გამოვალთ ასევე ორ სტარტიან შეჯიბრებაში, რომელიც ახალ სასროლეთზე ტარდება. ფრანგებმა, რაღაც ფანტასტიური ბაზა გააკეთეს და შარშან გახსნაზეც დაგვპატიჟეს, მაგრამ ვერ წავედით,
მიუნხენში აქცენტი გავაკეთეთ ახალგაზრდებზე და იმ მსროლელებზე, ვისგანაც ლიცენზიებს ველოდებით.
კარგად გამოვიდა ლიზი კილაძე, ვინც ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებლად იასპარეზა. ის ორივე სტარტზე ფინალში გავიდა, თუმცა იქ ვერ ისროლა კარგად და მეშვიდე-მერვე ადგილებით დაკმაყოფილდა. ის წლეულს სტუდენტი გახდა და ძალიან რთული გრაფიკი აქვს. თუმცა დადებითი ისაა, რომ თბილისში გადმოვიდა სასწავლებლად და ჩვენთან ვარჯიშობს, ყურადღებას ვაქცევთ, მაგრამ დიდ შედეგებზე მეოცნებე სპორტსმენს არ უნდა სჭირდებოდეს დარეკვა, ვარჯიშზე მოდიო. მესმის, ბავშვები არიან, ხოლო ჩვენ არც იმ დარეკვას ვთაკილობთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებულები იყვნენ. თუ გაიგებენ, მათვე წაადგებათ, თუ არადა - ისევ საკუთარ თავს ავნებენ, სხვებს - ვერა. ამ ეტაპზე არ იყო იმ დონეზე მომზადებული, რადგან ნაახალწლებია, აკლდა ფიზიკური მომზადება, რაც მთავარია - გამძლეობა უნდა გეყოს. შეიძლება, ჩვენთან ფიზიკურად მორაგბესავით არ იხარჯები, სამაგიეროდ, ემოციურად იხარჯები ძალიან ბევრს. ფიზიკურად როცა ძლიერად ხარ მომზადებული, მაშინ მორალურ-ფსიქოლოგიურადაც ძლიერი ხარ. მით უფრო, რომ მას ფიზიკურად კარგი მონაცემები აქვს.
ნინო ხუციბერიძეს ეტყობოდა, რომ არ იყო სათანადოდ ნავარჯიშები - ახალი წლის დღეები ძალიან უარყოფითად მოქმედებს ყველაზე და მათ შორის - სპორტსმენებზეც. ცოტნე მაჭავარიანმა ცოტა ამოქაჩა თავისი შედეგები - მას შარშან ცოტა ჩავარდნა ჰქონდა; თან ახალგაზრდებიდან დიდებში გადასვლა ცოტა რთული პერიოდია, მაგრამ ნელ-ნელა ამოიწია ზევით. თავისი პირადი შედეგი გააუმჯობესა აკაკი მოსულიშვილმაც, თუმცა ეს საკმარისი არ არის, მას მეტიც შეუძლია. ლევან ქადაგიძესაც არა უშავდა, თუმცა მეც და მასაც იარაღი გვქონია გაფუჭებული - რაღაც ისეთი დეტალი ჰქონია დაზიანებული, რაც ვერ შევამჩნიეთ, რადგან ჩვენ არა ვართ სპეციალისტები. კიდევ კარგი, მეორე სტარტის შემდეგ შევამოწმებინეთ და რომ ნახეს, ლამის მთელი შიგთავსი შეცვალეს.
შერეულ წყვილებში მე და ცოტნე მაჭავარიანი ფინალში გავედით, რაც პირველად მოხდა, რაც ეს ახალი დისციპოლინა შემოიღეს ოლიმპიურ თამაშებზე. ფინალში სულ ხუთი გუნდი გადის, ქვეყანას კი ორი წყვილის გამოყვანა შეუძლია. ჩვენ მეორე გუნდიც გვყავდა - აკაკი მოსულიშვუილი და ნინო ხუციბერიძე, რომლებიც ახალგაზრდები არიან, თუმცა აქ ასაკობრივი დაყოფა არ იყო და ისინიც უფროსებში ისროდნენ. ცუდად არ გამოსულან - ახალგაზრდებში რომ ეასპარეზათ, შეიძლება, პირველებიც ყოფილიყვნენ.
მე და ცოტნეს რაც შეგვეხება, მიმაჩნია, რომ რაღაცები გავიგეთ, შევისწავლეთ და შევითვისეთ. საკმაოდ რთული წესებია: ერთ წუთში ჯერ ერთმა უნდა ისროლოს, მერე - მეორემ. არ გაქვს უფლება, დაასწრო თანაგუნდელს, ვინც პირველი ნომერია; გადავადების საშუალება არ გაქვს; სულ ყურადღებით უნდა იყო - თან ისიც უნდა აკონტროლო, ისროლა თუ არა შენმა მეწყვილემ, თან სროლისთვისაც უნდა მოემზადო და აღა იცი, რას მიაქ
ციო ყურადღება. ერთი სიტყვით, რთულია ძალიან. ამას ვამუშავებდით სინქრონში და ისე დავამუშავეთ, სულ დროზე ადრე ვამთავრებდით გამოსვლას.

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.124561