ფეხბურთი

3:03 | 30.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ეს მხოლოდ დასაწყისია" - პიონტეკმა "მილანი" გაახარა

„ასეთ დებიუტს ველოდი. აქამდეც ვთქვი, როდესაც დავიბადე, უკვე მზად ვიყავი და ეს მხოლოდ დასაწყისია“, - ეს „მილანის“ ახალწვეული ფორვარდის, კრშიშტოფ პიონტეკის სიტყვებია.

და, თუ მართლაც ეს მხოლოდ დასაწყისია, მაშინ თავდასხმაში „როსონერის“ ბედს კარგა ხანს ძაღლი არ დაჰყეფს. იტალიის თასის მეოთხედფინალში „მილანმა“ „ნაპოლის“ უმასპინძლა. ეს გუნდები 4 დღის წინ ამავე სტადიონზე უკვე შეხვდნენ ერთმანეთს, ოღონდ სერია A-ს ეგიდით და მაშინ გოლი არ გასულა. ამჯერად გავიდა და ყველა ნეაპოლელთა კარში.

პოლონელი პიონტეკი ერთი კვირაც არაა, რაც „მილანის“ ფეხბურთელია და მისი დებიუტი ჯერ კიდევ შაბათს შედგა („ნაპოლისთან“). თუმცა, მაშინ ცვლილებაზე ითამაშა და სულ რამდენიმე წუთი. ამჯერზე, ჯენარო გატუზომ „ახალი ლევანდოვსკი“ (პოლონელის მეტსახელია) სასტარტო შემადგენლობაში გაამწესა და არც შემცდარა.

მე-11 წუთზე პიონტეკი მეკარესთან პირისპირ დარჩა და გატანა არ გასჭირვებია, ხოლო 27-ე წუთზე თავად შექმნა გოლი, ალექს მერეტის კარი შორეულ კუთხეში დალაშქრა. დარჩენილ დროში „ნაპოლი“ ცდილობდა სიტუაციის შეცვლას, მაგრამ ჩინებული გახლდათ ჯანლუიჯი დონარუმა, რომელიც ბოლო დროს გოლს არ უშვებს და შესანიშნავ ფორმაშია.

პიონტეკმა კი, იტალიის თასის მიმდინარე გათამაშება უკვე მოახერხა 8 გოლის გატანა. წინა 6 გოლი „ჯენოას“ მაისურით შეაგდო. საერთოდ, პოლონელი გენუური კარიერიდან მოყოლებული გამორჩეული შედეგიანობით იწონებს თავს და ვინძლო, „მილანმა“ მართლაც გადაჭრა ფორვარდის პრობლემა, რომელიც უკვე დიდი ხანია ამ გუნდის წინაშე დგას (პრაქტიკულად იბრაჰიმოვიჩის წასვლის შემდეგ).

„მილანი“ უკვე იტალიის თასის ნახევარფინალშია და იქ მეტოქეს ელოდება. „ინტერი“ ან „ლაციო“ - სწორედ ამ გუნდთა დაპირისპირებაში გაირკვევა „როსონერის“ მეტოქე. სხვათა შორის, „მილანი“ ზედიზედ მეორედ გავიდა კოპა იტალიის ნახევარფინალში, რაც 2012 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.

აქვე გეტყვით, რომ ხვალ ორი მეოთხედფინალური შეხვედრა შედგება - „ფიორენტინა“ „რომას“, ხოლო „ატალანტა“ „იუვენტუსს“ დაუხვდება. 31 დეკემბერს კი, ბოლო ნახევარფინალისტი „ინტერისა“ და „ლაციოს“ მატჩში გაირკვევა.

„მილანი“ – „ნაპოლი“ 2:0 (2:0) VIDEO

მილანი, „სან სირო“

„მილანი“ (4-3-3): დონარუმა; აბატე, მუსაკიო, რომანიოლი, ლაქსალტი; კესიე, ბაკაიოკო, პაკეტა (როდრიგესი 85); კასტილიეხო, პიონტეკი (კუტრონე 79), ბორინი (ჩალჰანოღლუ 60)

მწვრთნელი: ჯენარო გატუზო

„ნაპოლი“ (4-4-2): მერეტი; მალკუიტი (კალეხონი 85), მაკსიმოვიჩი, კულიბალი, გულამი; ფაბიან რუისი, ალანი (უნასი 46), დიავარა (მერტენსი 58), ზიელინსკი; მილიკი, ინსინიე

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 1:0 პიონტეკი (11), 2:0 პიონტეკი (27)

გაფრთხილება: მალკუიტი (29), მილიკი (35), კულიბალი (40)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 4 (3) – 18 (9) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 1:7 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

0.182535