ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდამ იოჰან კრუიფმა "ბლაუგრანას" თავკაცი ლუის ენრიკე ბოლოდროინდელი კრიტიკისგან დაიცვა. ჰოლანდიელი აღნიშნავს, რომ ესპანელის გასამართლება ჯერჯერობით ნაადრევია.
"ჯერჯერობით პრიმერადივიზიონში 11 ტური ჩატარდა და აქედან "ბარსელონამ" 8 მატჩი მოიგო. ბოლო შეხვედრები კი "ბლაუგრანამ" ჩააგდო. გუნდს ახალი თავკაცი და ფეხბურთელები ჰყავს და მათ ერთმანეთთან შეგუება სჭირდებათ. არ შეიძლება ლუის ენრიკეს გასამართლება მხოლოდ ათი კვირის განმავლობაში," - განაცხადა კრუიფმა.
კრიტიკის ქარ-ცეცხლი ესპანელ სპეციალისტს მას შემდეგ დაატყდა, რაც პრიმერადივიზიონის ბოლო სამი თამაშიდან მისმა გუნდმა ორი წააგო. ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში "ბარსელონა" დაუძინებელ მეტოქესთან მადრიდის "რეალთან" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ანგარიშით 1:3 დამარცხდა.