სხვა

18:00 | 26.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ყვითელაშვილი ევროპაში მეათეა, მაისურაძე - ოცდამესამე

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ვაჟთა ტურნირი დასრულდა, რომლის შედეგებითაც მორის ყვითელაშვილმა მე-10 ადგილი დაიკავა, შეჯიბრის დებიუტანტი ირაკლი მაისურაძე კი 23-ე იყო.

შეგახსენებთ, რომ ევროპირველობის ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხულ ყვითელაშვილს მოკლე პროგრამა "ჩაუვარდა" და მხოლოდ მე-15 იყო, დღეს კი, გაცილებით უკეთ იასპარეზა და თავისუფალ პროგრამაში მე-7 შედეგი აჩვენა, ჯამურად კი, როგორც აღვნიშნეთ, მე-10 გახლდათ.

მორისმა თავისუფალი პროგრამისთვის 146.75 ქულა (74.42 პროგრამული კომპონენტებისთვის+72.33 ტექნიკური ელემენტებისთვის) მიიღო, რაც მის კარიერულ რეკორდს 11.89 ქულით ჩამორჩება. იმ შედეგით, ის დღეს მე-4 იქნებოდა.

ყვითელაშვილს რომ ჯამურადაც მისი საუკეთესო მაჩვენებელი (248.58) დაეფიქსირებინა, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდებოდა, ასე კი, მისი მონაგარი 219.79 ქულა იყო.

ჯამში 174.43 ქულა მიითვალა მაისურაძემ, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ 24-ე იყო, თავისუფალ პროგრამაში კი 113.54 ქულა მიიღო, დღევანდელ შეჯიბრში ორ მეტოქეს აჯობა და საბოლოოდ, 23-ე საფეხური დაიკავა. კარიერის საუკეთესო შედეგით (207.60) მაისურაძე ევროპირველობაზე მე-16 იქნებოდა.

ევროპის ჩემპიონის ტიტული ესპანელმა ხავიერ ფერნანდესმა (271.59) მოიპოვა, რომელიც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ზედიზედ მეშვიდედ (!) ავიდა.

ვერცხლის მედალი რუსმა ალექსანდერ სამარინმა (269.84) დაისაკუთრა, ბრინჯაო კი იტალიელ მატეო რიცოს (247.08) ერგო, რომელიც მოკლე პროგრამის მერე მხოლოდ მე-10 გახლდათ.

საინტერესოა, რომ რუსი მიხაილ კოლიადა, რომელიც პირველი დღის შემდეგ ლიდერობდა, თავისუფალ პროგრამაში მხოლოდ მე-11 პოზიციაზე გავიდა და ევროპირველობა მე-5 საფეხურზე დაასრულა.

0.132605