სხვა

2:10 | 25.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფინალში ისევ მხოლოდ კილაძემ ისროლა

მიუნხენში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა საერთაშორისო ტურნირზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში გუშინ ისევ ახალგაზრდებმა იასპარეზეს, ჩვენი სამეულიდან ყველაზე უკეთ კი ისევ ლიზი კილაძე გამოვიდა - ფინალში მხოლოდ ის შევიდა მეშვიდე ადგილით (569 ქულა) და ფინალის შემდეგაც იმავე პოზიციაზე დარჩა ანუ საბოლოოდაც მეშვიდე ადგილზე გავიდა.

კილაძე საკვალიფიკაციო ეტაპზე წინა დღის მაჩვენებელს ამჯერად 4 ქულით ჩამორჩა (შეგახსენებთ, რომ მაშინ მესამე იყო), ცალკეულ სერიებში კი 92, 97, 96, 93, 96 და 95 ქულა დააგროვა.
ფინალში გამოსვლა მან მეორე სერიაში დაასრულა - 130.0 და, როგორც გითხარით, მეშვიდე ადგილზე დარჩა.
სამაგიეროდ, ჩვენმა სხვა მონაწილეებმა გააუმჯობესეს წინა დღის შედეგები. ნინო ხუციბერიძემ ამჯერად 4 ქულით მეტი დააგროვა - 560 ქულა და მაშინდელი 34-ე ადგილის ნაცვლად, ახლა 25-ზე გავიდა. სერიების მიხედვით მისი ქულებია 96, 91, 88, 95, 95, 95. აღსანიშნავია, რომ 560 ქულა დააგროვეს სინგაპურელმა მიშელე ვიჯაიამ და ბელარუსმა ზოია დასკომ, მაგრამ მათ ჩვენებურზე მეტი 10-იანი ჰქონდათ და ამით გაუსწრეს.
მეორე სტარტზე ბიჭებში უკეთ იასპარეზა აკაკი მოსულიშვილმაც, ვინც ასევე 25-ე ადგილზე გავიდა - 564 ქულა (წინაზე 560 ჰქონდა). მან სერიების მიხედვით 95, 93, 93, 93, 94 და 96 ქულა მოინადავლა.
ამით ახალგაზრდებმა დაამთავრეს მიუნხენში გამოსვლა, ახლა კი უფროსების ჯერია - ისინი დღეს და ხვალ იასპარეზებენ.
შეგახსენებთ, რომ ქალებში ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის სამგზის გამარჯვებული ნინო სალუქვაძე გამოვა, ვაჟებში კი ლევან ქადაგიძე და ცოტნე მაჭავარიანი იასპარეზებენ.

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.140808