დღეს, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში სტარტს აიღებს და 27 იანვრამდე გასტანს ევროპის 112-ე ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. ”მინსკ-არენაზე" სულ 34 ქვეყნის 145 მოციგურავე იასპარეზებს. მათ შორის ვაჟების კატეგორიაში 37, გოგონების კატეგორიაში – 36, სპორტულ წყვილებსა და სპორტულ ცეკვებში კი, შესაბამისად, 11 და 25 მოციგურავე წყვილი.
მინსკში ყინულზე ვიხილავთ 2018 წლის ოლიმპიურ ჩემპიონ ალინა ზაგიტოვას, ორგზის მსოფლიო ჩემპიონ ესპანელ ხავიერ ფერნანდესს, რუსეთის ჩემპიონებს მიხაილ კოლიადასა და მაქსიმ კოვტუნს, მსოფლიოს ჩემპიონებს სპორტულ ცეკვებში ფრანგებს გაბრიელა პაპადაკისსა და გიომ ციზერონს, ევროპის ჩემპიონებს სპორტულ წყვილებში ტარასოვასა და მოროზოვს, 2019 წლის გრან-პრის ეტაპის გამარჯვებულებს სპორტულ წყვილებში ფრანგებს ვანესა მორგანსა და ჯეიმს სიპრეს.
საქართველოდან ევროპის ჩემპიონატზე ვაჟების კატეგორიაში მონაწილეობას მიიღებენ მორის ყვითელაშვილი და ირაკლი მაისურაძე. ძალიან ბევრი ექსპერტი და სპეციალისტი ესპანელ ფერნანდესსა და რუს მოციგურავეებთან ერთად სამეულში შესვლას სწორედ ყვითელაშვილს უწინასწარმეტყველებს. აღნიშნავენ მორისის წარმატებულ გამოსვლას მოსკოვში გამართულ გრან-პრის მეხუთე ეტაპზე, სადაც ჩვენებურმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
ყვითელაშვილი და მაისურაძე 2019 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოკლე და თავისუფალ პროგრამებს, შესაბამისად, 24 და 26 იანვარს შეასრულებენ.