ესპანურმა "ბასკონიამ", რომლის ღირსებასაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრები თორნიკე შენგელია და მეტ ჯენინგი იცავენ, "კლივლენდ კავალიერსის" წევრი ჯალენ ჯონსი გადაიბირა.
ბასკური კლუბი ახალი ფორვარდის მოძიების აუცილებლობის წინაშე შენგელიას დაშავების შემდეგ დადგა. თორნიკე მძიმედ არის ტრავმირებული და მოედანს როდის დაუბრუნდება, ჯერაც უცნობია, ამდენად, ამერიკელ კალათბურთელთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა.
25 წლის ჯონსმა (სიმაღლე 2.01 მ.) ნბა-ს მიმდინარე სეზონში 16 მატჩის ჩატარება მოასწრო, სადაც მისი საშუალო მონაგარი 5.1 ქულა და 2.1 მოხსნა გახლდათ. ამას გარდა, ჯალენმა კლივლენდელთა ფრენჩაიზ "კანტონში" თამაშიც მოასწრო, სადაც საშუალოდ 9.3 ქულასა და 4.3 მოხსნას აგროვებდა.
ჯონსისთვის "ბასკონია" პირველი არაამერიკული გუნდი იქნება.