ფეხბურთი

21:35 | 22.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ემილიანო სალას ტრაგიკული ისტორია...

„კარდიფ სიტის“ თავდამსხმელ ემილიანო სალას თვითმფრინავს უშედეგოდ ეძებენ. ბრიტანული გამოცემების ცნობით, უკვე რთულია იმაზე ფიქრი, რომ 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი და პილოტი ცოცხლები არიან.

მოგეხსენებათ, სალა ნანტიდან კარდიფში მიფრინავდა, რომ უელსურ გუნდში თამაში დაეწყო, თუმცა თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა და ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

ვინ იყო ემილიანო სალა?

28 წლის არგენტინელი თავდამსხმელი, რომელსაც იტალიური ფესვები ჰქონდა, მისი კუმირი გაბრიელ ომარ ბატისტუტა გახლდათ. ემილიანო 20 წლის ასაკში საფრანგეთში გადაბარგდა და თამაში „ბორდოს“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო. 2012 წელს კი, მთავარ გუნდშიც ჰქონდა დებიუტი. მიუხედავად ამისა, ჟირონდელთა რიგებში ფეხი ვერ მოიკიდა. იჯარით იყო „ორლეანში“, „ნიორსა“ და „კაენში“, ხოლო 2015 წელს „ნანტის“ მაისური მოირგო.

„ნანტში“ სალამ 2015 წლიდან 130 თამაში ჩაატარა და 48 გოლი გაიტანა. მათ შორის, 12 გოლი ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჰქონდა გატანილი. არგენტინელი ფორვარდის პრემიერლიგაში ტრანსფერი ორი დღის წინ გადაწყდა. „კარდიფ სიტიმ“ მის სანაცვლოდ 17 მილიონი ევრო გადაიხადა და ის გუნდის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

„ერთი სული მაქვს ჩემი ახალი თანაგუნდელები გავიცნო და თამაში დავიწყო. ჩემთვის საამაყოა, რომ გუნდის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ვარ“, - თქვა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ სალამ.

კონტრაქტი ორშაბათს გაფორმდა, მაგრამ სალა კარდიფიდან საფრანგეთში დაბრუნდა, რომ ყოფილ თანაგუნდელებს დამშვიდობებოდა. დაემშვიდობა კიდეც. გუშინ ემილიანო ინსტაგრამში ფოტო გამოაქვეყნა „ნანტის“ ფეხბურთელებთან ერთად და დაასათაურა: „უკანასკნელი, მშვიდობით“.

სამწუხაროდ, არგენტინელი ფეხბურთელის ისტორია აქ წყდება. ჯერჯერობით დამაიმედებელი ცნობები არ ვრცელდება, „კარდიფი“ და „ნანტი“ კი უკვე იღებენ სამძიმრის წერილებს...

0.065391