ახალგაზრდა ქართველმა მოციგურავე ალინა ურუშაძემ წარმატებულად იასპარეზა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე. იუნიორების კატეგორიაში გამართულ შეჯიბრში ალინამ 146.71 ქულა მოაგროვა და 36 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა.
ურუშაძემ, რომლისთვისაც 2018 წელი სადებიუტო იყო, დამაჯერებელი გამოსვლები შემოგვთავაზა და ლიდერობდა, როგორც მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამაში.
მომდევნო ტურნირი, სადაც ურუშაძე იასპარეზებს, 9-16 თებერვალს ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში დაგეგმილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი იქნება.
ალინას ეს წარმატება სერიოზული განაცხადია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციისათვის ისეთი უმნიშვნელოვანესი სტარტების წინ, როგორიცაა მინსკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი და მარტში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ქართველი მოციგურავეები ვაჟების, გოგონებისა და სპორტული ცეკვების კატეგორიაში იასპარეზებენ.