ფეხბურთი

22:53 | 20.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავას გოლი და ბექა მიქელთაძის საგოლე პასი კვიპროსში (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-17 ტურში ფამაგუსტას "ანორთოსისმა" "ენოსისს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. სხვათა შორის, ეს გუნდები სამი დღის წინ სათასო შეხვედრაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და "ენოსისმა" 3:2 მოიგო, ამჯერად კი ფამაგუსტელებმა რევანშიც აღება მოახერხეს.

ამ გამარჯვებაში ქართველების წვლილიცაა. კაჭარავამ მეორე წუთზე მოახერხა გოლის გატანა და ანგარიში გახსნა. ნიკას საგოლე პასი ბექა მიქელთაძემ გაუკეთა. საერთოდ, მიქელთაძე ძალზე აქტიური იყო და სამჯერ რეალური საგოლე შანსი ჰქონდა. ორჯერ არაზუსტად დაარტყა, ხოლო ერთხელ მისი დარტყმული ცარიელი კარიდან მცველმა გამოიტანა.

გარდა ამისა, მეორე გოლშიც, რომელიც დანიელ პრანიჩმა პენალტი გაიტანა მიიღო მონაწილეობა. სანამ თერთმეტმეტრიანი დაინიშნებოდა, სწორედ მიქელთაძემ იაქტიურა და შეტევა დაიწყო.

აღნიშნულ მატჩში ბექამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო კაჭარავა 86-ე წუთზე შეცვალეს. სტუმართა შორის 90 წუთი იყო მოედანზე ირაკლი მაისურაძე. აქვე გეტყვით, რომ კაჭარავამ კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა.

ეს გუნდები 23 იანვარს ზედიზედ მესამედ შეხვდებიან. ამჯერად კვიპროსის თასის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩში. როგორც უკვე გითხარით, პირველი თამაში "ანორთოსისს" შინ 2:3 აქვს წაგებული.

0.160703