დორტმუნდის "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა Bild-თან საუბრისას განაცხადა, რომ ჯეიდონ სანჩო კლუბიდან წასვლას არ აპირებს. ცნობილია, რომ ევროპის ტოპ კლუბები 18 წლის ინგლისელის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი.
"სანჩო წარმოუდგენლად ნიჭიერი ფეხბურთელია და ჩვენი მომავლის ერთ-ერთი ნაწილი. აშკარაა, იგი აპირებს მომდევნო სეზონში კლუბში დარჩეს. დარწმუნებულები ვართ, რომ სანჩოს განვითარებისთვის "დორტმუნდი" კარგი ადგილია" - განუცხადა Bild-ს ცორკმა.
სანჩო გერმანელებმა 2017 წელს "მანჩესტერ სიტიდან" რვა მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატეს. გასულ სეზონში შემტევმა 21 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სათამაშო წელს კი ჯეიდონმა 25 შეხვედრაში თავი შვიდი გოლით და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში შემტევი 2018 წლის ოქტომბერში გამოიძახეს. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ამ ეტაპისთვის 70 მილიონი ევროა.