ფეხბურთი

3:44 | 18.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

თითქმის გადაწყდა: პიონტეკი "მილანში", იგუაინი - "ჩელსიში"

იტალიური „მილანი“ კრშიშტოფ პიონტეკის დამატებასთან ახლოსაა. Sky Sport-ის ცნობით, ლომბარდიულმა გრანდმა ფეხბურთელთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და ახლა კი ჯერი „ჯენოასთან“ გარიგებაზეა.

გამოცემის ცნობით, პარასკევს ლეონარდო და გენუური გუნდის პრეზიდენტი ენრიკო პრეციოზი ერთმანეთს შეხვდებიან და ყველაფერი მაშინ უნდა გადაწყდეს. ტრანსფერი განხორციელება 40 მილიონი ევროს ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

თავის მხრივ, მზადაა ფეხბურთელის კონტრაქტიც, რომელიც 5 წელზე იქნება გათვლილი და პოლონელი სეზონში 2 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება (დაახლოებით 450 ათასი ევრო).

პიონტეკს „მილანში“ გადასვლას ურჩევს ლეგენდარული თანამემამულე ზბიგნევ ბონიეკი, რომელმაც თქვა, რომ მას ყველა თვისება აქვს „მილანში“ სათამაშოდ.

პიონტეკი „როსონერის“ გონსალო იგუაინის შემცვლელად ესახება, რომელიც ძალიან ახლოსაა „ჩელსიში“ გადასვლასთან. მოგეხსენებათ, „პიპიტა“ „იუვენტუსის“ საკუთრებაშია და როგორც იტალიური მედია წერს, მხარეები შეთანხმდნენ, ხოლო ფეხბურთელის აგენტი მზადაა ლონდონში გაფრინდეს და ტრანსფერს წერტილი დაუსვას.

რაც შეეხება პიონტეკს, „ჯენოაში“ გასულ ზაფხულს პოლონური „კრაკოვიადან“ გამოჩნდა და სერია A-ს ალღო ჩინებულად აუღო. 23 წლის ფეხბურთელმა 19 მატჩში 13 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება (1 გოლით).

0.114297