ფეხბურთი

22:15 | 15.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი: "რონალდუმ ჩემი ოცნებები ბევრჯერ დაამსხვრია"

იტალიის ჩემპიონ „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საუბრობს. ვეტერანმა იტალიელმა BBC-სთან საუბარში აღნიშნა, რომ თავდაპირველად პორტუგალიელის ტრანსფერის არ სჯეროდა, თუმცა პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ გაკვირვებული დარჩა.

კიელინი აღნიშნავს, რომ რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, რომელმაც მისი ოცნებები ბევრჯერ დაამსხვრია.

„კრიშტიანუმ ჩემი ოცნებები ხშირად დაამსხვრია. ბევრჯერ გაგვიტანა გოლი, კარდიფში, მადრიდში, ტურინში... ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგა ოცნებაა, კრიშტიანუსთან ერთად კი გუნდი უფრო მიზანდასახული გახდა. გუნდში გვყავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია განსხვავება მოგვიტანოს. მასთან ერთად შეგვიძლია მივიღოთ ის, რაც აქამდე გვაკლდა. თუმცა, ჩვენ არ ვართ მთავარი ფავორიტები. ჩვენთან ერთად არის 4-5 გუნდი, რომელსაც ბოლომდე შეუძლია ბრძოლა.

თავიდან არ მჯეროდა, სერიოზულად არ ვფიქრობდი, რომ ჩვენთან გადმოვიდოდა, შემდეგ პრეზიდენტს ვესაუბრე და გაკვირვებული დავრჩი.

იტალიის სუპერთასი? - მინდა, სეზონში პირველი ტიტული მოვიგო. აქამდე კარგად ვთამაშობდით, მაგრამ ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ნაწილი გაზაფხულიდან იწყება.

მომავალი? - არ ვიცი, როდემდე ვიქნები ფეხბურთელი. ვემზადები ჩემი კარიერის დასასრულისთვის, მაგრამ დღიდან დღემდე ვცხოვრობ და ვერთობი. რა თქმა უნდა, სასიამოვნო იქნება „იუვენტუსში“ დარჩენა კარიერს დასრულების შემდეგაც“, - განაცხადა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის სუპერთასისთვის 16 იანვარს, „მილანს“ საუდის არაბეთში დაუპირისპირდება.

0.110953