12 იანვარს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე მსოფლიო თასზე რაპირით ფარიკაობაში მედალისტთა ვინაობას შევიტყობთ, თუმცა, პრეტენდენტთა შორის ქართველ სპორტსმენებს ვეღარ ვხედავთ. ლუკა ღაღანიძესა და ლაშა გალუაშვილს 64 საუკეთესოს შორის მოსახვედრად ერთი ნაბიჯი დააკლდათ.
შეჯიბრმა, რომელსაც 254 მონაწილე ჰყავდა, სტარტი გუშინ აიღო, ღაღანიძემა და გალუაშვილმა კი ჯგუფური ეტაპის შეხვედრები წარმატებით ჩაატარეს. ლუკამ ექვსიდან – ხუთი, ხოლო ლაშამ ექვსიდან ოთხი შეხვედრა მოიგო.
პლეი-ოფის საწყის ორთაბრძოლაში ღაღანიძემ ჰონგ კონგოელ ჩი კა იეუნს 15:7 სძლია, თუმცა, შემდეგ იაპონელ კიოსუკე მაცუიამასთან 5:15 დამარცხდა. გალუაშვილმა თურქ ტევფიკ ბურაქ ბაბაოღლუს აჯობა (15:14), იტალიელ ფრანჩესკო ინგარიოლას კი ვეღარ გაუმკლავდა – 10:15.